ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 17:10

ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქველმოქმედო დახმარებების ე.წ. აღდგენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო დაბრუნებით არის განპირობებული, განგებ მცდარი მინიშნებაა, – ამის შესახებ განცხადებას ფონდი “ქართუ” ავრცელებს, რომელიც ეხმიანება კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის საქველმოქმედო დახმარების პროგრამაზე მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ფონდში აცხადებენ, გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ საკითხის გაშუქება მოხდა იმ ჭრილში, თითქოს საქველმოქმედო დახმარებების გაცემა კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
“გაკეთდა განგებ მცდარი მინიშნება, რომ დახმარებების ე.წ. “აღდგენა” ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო დაბრუნებით არის განპირობებული. აღნიშნული მსჯელობა ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ ფონდში.
“ქართუში” განმარტავენ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” სიუჟეტში გამოყენებული ტერმინები ,,შეწყვეტა” და “აღდგენა” სრულიად უადგილო და მცდარია, ვინაიდან თითოეულ ბენეფიციართან, რომელიც ფონდისგან წლების განმავლობაში იღებს საქველმოქმედო დახმარებას, ყოველწლიურად ფორმდება საქველმოქმედო დახმარების ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
“შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სრულდება ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელახლა ხდება ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. მიმდინარე წელს, ისევე, როგორც გასულ წელს, ფონდი ,,ქართუ” ხელოვნების დარგის საქველმოქმედო პროგრამას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით. კერძოდ, სამინისტრო იღებს მიზნობრივ გრანტს ფონდი “ქართუსგან” და შემდგომ თითოეულ ბენეფიციართან აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას, რაც საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმებამდე ხდება სათანადო სამართლებრივი წინაპირობების დაცვა და შესაბამისი მოსამზადებელი პროცედურების გავლა როგორც ფონდის, ასევე, სამინიტროს მიერ, რაც თავის მხრივ, გარკვეულ დროს მოითხოვს. სწორედ ამ მოსამზადებელი ეტაპითაა განპირობებული ის მოცემულობა, რომ ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურა წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, წარმოებს მარტის თვეში. ფონდის ყველა ბენეფიციარი სრულად ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ მოხდა ფონდისგან დახმარებების შეწყვეტა, ხოლო შემდგომ, პოლიტიკური მოტივით აღდგენა, სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ დეზინფორმაციას წარმოადგენს”, – აცხადებენ ფონდში.
“ქართუში” იმედოვნებენ, რომ მომავალში მასმედიის საშუალებები აღარ მოახდენენ არასწორი ცნობების გავრცელებას და შემდგომში, ფონდის საქმიანობის გაშუქებისას, წინასწარ გადაამოწმებენ ინფორმაციას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 17:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics