იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვიტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნის ღონისძიება ერთი თვით გადაიდო.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, გახსნის საზეიმო ღონისძიება თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო გადაიდო.
„ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა გასულ შემოდგომაზე დავიწყეთ. ჩვენ ფოთელებისთვის განსაკუთრებული გულისყურით ვარჩევდით დიზაინს და ვიფიქრეთ, რომ საქართველოს საპორტო ქალაქს თეთრი შენობა დაამშვენებდა. ეს ნაგებობა კანონის დაცვით აშენდა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდა. შესაბამისად, მასზე არც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა დაგვიხარჯავს და, რა თქმა უნდა, არც რომელიმე ბიზნესმენი დაგვიშინებია, როგორც ეს ადრე ხდებოდა. შესაბამისად, ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია ზუგდიდის მერე, რომელიც არა მხოლოდ კანონის დაცვით და ხარისხიანად აშენდა, არამედ ექსპლუატაციაშიც იქნება მიღებული მანამ, სანამ მასში თანამშრომლები და მოქალაქეები შევლენ. გვინდოდა იუსტიციის სახლის გახსნა ფოთელებისთვის დასამახსოვრებელი ზეიმი ყოფილიყო, თუმცა, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უბედურებების კასკადის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, გახსნის საზეიმო ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს. ვიცი, რომ ამ აზრს ბევრი ფოთელი გაიზიარებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ფოთის იუსტიციის სახლის შენება იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და მისი მშენებლობა 3 მილიონი ლარი დაჯდა. აღნიშნულ შენობაში სამასზე მეტი სერვისის ერთდროულად მიღება იქნება შესაძლებელი.


















