უჩა ნანუაშვილი: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება „რუსთავის 2-ის“ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია

news
ავტ.: news ოქტომბერი 11, 2015 13:02

უჩა ნანუაშვილი: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება „რუსთავის 2-ის“ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია

სახალხო დამცველი 9 ოქტომბერს, საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ გასულ რეპორტაჟს ეხმიანება, რომელიც ახმედ ჩატაევის ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტთა გლობალურ სიაში შეყვანის ფაქტზე მომზადდა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რეპორტაჟის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, თითქოსდა ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, „ტერორისტ“ ახმედ ჩატაევს იცავდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის ბრალზე არასამთავრობო ორგანიზაციის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სრული განმარტება გააკეთა, „კურიერის“ ჟურნალისტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს ამ საქმეში და მიუთითებს, რომ თითქოს და უჩა ნანუაშვილი თავს არიდებს საუბარს.

სახალხო დამცველი ტელეკომპანიას ჩატაევის საქმის შესახებ სწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეახსენებს, სადაც აღნიშნულია, რომ: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ახმედ ჩატაევს ბრალი ტერორიზმში წაყენებული არასოდეს ჰქონია; იგი დააკავეს 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ახმედ ჩატაევი იმ დროს საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. „მომლაპარაკებლად“ გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ახმედ ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ცნობილია ისიც, რომ ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ლტოლვილის სტატუსით, ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა.

სახალხო დამცველი მედიაკომპანიას შეახსენებს, რომ იგი დღემდე მოითხოვს 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას.

„გამოძიებამ, მათ შორის პასუხი უნდა გასცეს ახმედ ჩატაევის და იმ დროს შს სამინისტროს არაერთი თანამშრომლის როლს სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება უშედეგოდ გრძელდება. შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება „რუსთავის 2-ის“ მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია. ბუნებრივია, პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს – ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო, ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მედია ორგანიზაციების მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზარალებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობას, არამედ თავად ამ მედია საშუალებას. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს „რუსთავი 2-ს“ პატივი სცეს მათივე პროფესიულ საქმიანობას, თავი შეიკავოს არასწორი ფაქტების გავრცელებისაგან და მათი პროფესიული და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და პროფესიული მედიაგარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 11, 2015 13:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics