უორდროპების სახელობის სკვერში საქართველოში პირველი ელჩის ძეგლი გაიხსნა

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 13:10

უორდროპების სახელობის სკვერში საქართველოში პირველი ელჩის ძეგლი გაიხსნა

„თბილისობა 2015“-ის ფარგლებში, უორდროპების სახელობის სკვერში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა.
ძეგლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
და-ძმა უორდროპების ძეგლის შესაქმენლად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგან დამზადდა და სკვერში მოსეირნე ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციაა.
”შარშან თბილისობის ფარგლებში ჩვენ გავხსენით ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი და მე პირობა დავდე, რომ მომავალ თბილისობას აქ საზეიმოდ გავხსნიდით არაჩვეულებრივ დიპლომატის, განსაკუთრებული მოღვაწის ძეგლს.
დღეს მაქვს პატივი, საზეიმოდ გავხსნათ საქართველოს პირველი უცხოელი ელჩის, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი ადამიანის ოლივერ უორდროპის ძეგლი მისსავე სახელობის სკვერში.
საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც, მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და სხვადასხვა სახის ურთიერთობებს დღესაც მისი დიდი გავლენა გასდევს. საქართველოს სახელის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე ოლივერ უორდროპის სახელს უკავშირდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“. ოლივერ უორდროპმა შეისწავლა ქართული ენა და 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა. ოლივერ უორდროპი სისტემატურად გზავნიდა პატაკებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და სწორედ მან ახარა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების შესახებ. საქართველოს მისი და, მარჯორი უორდროპიც სტუმრობდა, რომელმაც შემდეგ ინგლისურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი” და “ქართული ხალხური ზღაპრები”. უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. მათი ძალისხმევით შეიქმნა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics