უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება- ვინ არიან კანდიდატები?

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 12:20

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება- ვინ არიან კანდიდატები?

ვინ უხელმძღვანელებს უზენაესი სასამართლოს მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ამ დრომდე უცნობია. პრეზიდენტის რეზიდენციაში კი ვაკანტურ თანამდებობაზე 20-მდე კანდიდატია წარდგენილი. გიორგი მარგველაშვილს კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა წარუდგინეს.

კანდიდატებს შორის ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძეა. გვენეტაძე პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა” წარუდგინეს. კიდევ ერთი კანდიდატი მოქმედი უფლებადამცველი დავით ასათიანია. კოტე კუბლაშვილის შემცვლელად დასახელებულია ანა დოლიძეც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა. ანა დოლიძის კანდიდატურა პრეზიდენტს კახა კუკავას პარტიამაც წარუდგინა.

კანდიდატებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძეც, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი დეკანი ირაკლი ბურდული და პარტია “თავისუფალი დემოკრეტების” კანდიდატი შალვა შავგულიძე.

საქართველოს პრეზიდენტს დღესვე საკუთარ კანდიდატს შესთავაზებს “ლეიბორისტული პარტია”, შალვა ნათელაშვილის გუნდის გადაწყვეტილება 1 საათზე გახდება ცნობილი.

გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული ვადა კანდიდატების წარსადგენად დღეს 7 საათზე იწურება.

საბოლოოდ, კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს და საზოგადოებას წარუდგენს, ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტი განიხილავს.

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 12:20