უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნათია წკეპლაძის კანდიდატურას განიხილავენ

news
: news იანვარი 19, 2015 17:08

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნათია წკეპლაძის კანდიდატურას განიხილავენ

უზეანესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე ნათია წკეპლაძის კანდიდატურა განიხილება.

ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს. გამოცემის ინფორმაციით, ღარიბაშვილის გუნდი პრეზიდენტს მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ შეთანხმებას შესთავაზებს – ერთი მხრივ, მარგველაშვილმა უარი თქვას მთავრობასთან მკვეთრად დაპირისპირებული „ენჯეოშნიკის“ წარდგენაზე, მეორე მხრივ, უმრავლესობა აღარ განიხილავს კანდიდატად პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს და პარლამენტი ისევ სასამართლო სისტემიდან წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. სწორედ ასეთ კანდიდატად მოიაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე, რომელიც გასულ წელს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე ღიად დაუპირისპირდა კონსტანტინე კუბლაშვილს.

ნათია წკეპლაძის მოსამართლედ გამწესებაში წვლილი იუსტიციის იმდროინდელ მინისტრს და ამჟამად, “რუსთავი2″–ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიუძღვის, რომელიც გასულ წელს, მოსამართლეთა კონფერენციაზე წკეპლაძის ხმაურიან განცხადებებს სოციალური ქსელით გამოაეხმაურა.
„მგონი, ნათია წკეპლაძე პუტჩის მოწყობას ლამობს სასამართლო სისტემაში. ვწუხვარ იმის გამო, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი ჩვეულებრივ ინსტრუმენტადაა გამოყენებული უნიჭო და ამბიციური პატარა ადამიანების მიერ და ელემენტარული ქცევის ნორმებიც კი აღარ ახსოვს, საქვეყნოდ იჭრის თავს და ავიწყდება, რომ უზენაესი სასამართლოს უმაღლესი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების ქმნა უნდა გააგრძელოს ხვალიდან. ჩემდა საუბედუროდ, არ მეგონა, თუ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ დიდი როლი ვითამაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის გამწესებაში. არავისთან სათხოვარზე არც მივსულვარ და არც მივალ. უდიპლომო და ID ნომერში ექვსიანების მთვლელი თეა წულუკიანის გამხმოვანებლად ქცეული ნათია წკეპლაძე ჩემთვის ის ნათია წკეპლაძე აღარაა, რომლის უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევა ჩემთვის ზეიმი იყო“, – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია მოსამართლეთა კონფერენციაზე ნათია წკეპლაძის დემარშს.

იქნება თუ არა წკეპლაძე ის პიროვნება, ვისზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობდა? ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. “პრაიმტაიმი” აქვე ციტირებს წულუკიანის განცხადებას.

„ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ის, რომ ის უნდა იყოს რეფორმების მოსურნე და რეფორმატორი ადამიანი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

news
: news იანვარი 19, 2015 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,304
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics