სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ მიიღებენ

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 10:20

სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ მიიღებენ

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიზნესმენის მხრიდან დედაქალაქის მთავრობის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებრობა იყო და თამაზ ელიზბარაშვილი გაკეთებულ განცხადებებს კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს.

სხვა სტატიები

ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” თავმჯდომარეს, თამაზ ელიზბარაშვილს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიზნესმენის მხრიდან დედაქალაქის მთავრობის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებრობა იყო და თამაზ ელიზბარაშვილი გაკეთებულ განცხადებებს კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს.
მათივე განმარტებით, ვიცე-მერი ასევე “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” წევრებსაც შეხვდა. შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძეც ესწრებოდა. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიაში ხარჯთაღრიცხვებს უახლოეს დღეებში წარადგენენ, რის შემდეგაც მიყენებული ზიანის სანაცვლოდ დედაქალაქის მთავრობა მათ შესაბამის თანხებს გამოუყოფს. ხოლო მათ, ვინც ხარჯთაღრიცხვები წარადგინა, უწყების თქით, დახმარებები უკვე მიიღეს.
“სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც პირველ კატეგორიას განეკუთვნა თითქმის სრულად დავაკმაყოფილეთ. ამასთან, მიმდინარეობს გარკვეული სამართლებრივი პროცედურები დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახების დასაფინანსებლად. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომლებიც მეორე კატეგორიაში მოხვდნენ და რომელთა საცხოვრებლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, შესაბამისი დაფინანსება ხარჯთაღირცხვების წარმოდგენის შემდეგ ჩაერიცხება”, – განაცხადა ვიცე მერმა, ლაშა აბაშიძემ.
“ის დაძაბული ფონი რაც პრესით და ტელევიზიით გაჟღერდა კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ვიცე მერმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გაგვცა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში სვანიძის ქუჩაზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება”, – განაცხადა “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” წევრების ნაწილი ელიზბარაშვილის მიერ ვიცე მერთან შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებებს გაემიჯნა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 35 ოჯახს მერიამ 9 460 399 ლარი გადაურიცხა, აქედან, 21-მა ოჯახმა ბინა უკვე შეიძინა.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 10:20