სოფელ შაშიანში მკვლელობა მოხდა

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 10:42

სოფელ შაშიანში მკვლელობა მოხდა

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულმა გიორგი ყ.-მ ერთი ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გიორგი ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც, ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი – 1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრა. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 10:42

ახალი ამბები