სოზარ სუბარი დევნილებს გაფრთხილებას აძლევს

დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებისთვის სახლების გადაცემასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა და ისინი თაღლითების გამოჩენის შესახებ გააფრთხილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისში გააქტიურდნენ თაღლითები, რომლებიც დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათ ოლიმპიურ სოფელში, მთავრობის მიერ დევნილებისთვის შეძენილი ბინების მიღება შეუძლიათ.

„მას შემდეგ, რაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს ბინები გადაეცემა, თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ, რომლებიც დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამ ბინების მიღება შეუძლიათ. ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში, ან ჩვენ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ეს არის ტყუილი. ვერავინ მიიღებს ბინას ვერც თაღლითობით და ვერც ფულის გადახდით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართული აქციის მონაწილეებსაც გამოეხმაურა. როგორც სუბარმა განაცხადა დევნილები ვერანაირი აქციით ვერ მოახდენენ გავლენას იმ რიგითობაზე, რაც ბინების დაკანონების თვალსაზრისით არის.

„ყველას მოვუწოდებ, დაემორჩილოს კანონს. 90-იანი წლების შემდეგ პირველად, ჩვენ დავიწყეთ თბილისში ფართომასშტაბიანი მშენებლობები. ბინას მიიღებს ყველა, მაგრამ რიგითობა იქნება დაცული. ვერანაირი აქციებით ვერ მოახდენენ გავლენას ამ რიგითობაზე. ნებისმიერი წესის დარღვევა ნიშნავს, რომ ვიღაც უფრო გაჭირვებული დაიჩაგრება. ჩვენ ვერავის დავჩაგრავთ იმიტომ, რომ ვიღაცას აქციის მოწყობის სურვილი გაუჩნდა“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დევნილმა, ბინების დაკანონების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი „თბილისი 2015“-ს ჩაშლით იმუქრებიან.