სნოუდენი: ბრიტანელები არგენტინას ფოლკლენდის გამო თვალყურს ადევნებდნენ

ბრიტანეთის მთავრობა 5 წლის მანძილზე აქტიურად ადევნებდა თვალყურს არგენტინის მთავრობას ფოლკლენდის კუნძულების გამო, ამტკიცებს ამერიკელი ედვარდ სნოუდენი.
სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქმის ყველა არგენტინულმა მედიამ დაბეჭდა. ბრიტანეთის ფოლკლენდში გამარჯვების 33 წლისთავზე არგენტინის პრესა წერს, რომ სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისს იმის შიში ჰქონდა, რომ არგენტინა კუნძულის უკან დაბრუნებას შეეცდებოდა.
ბრიტანეთის დაზვერვა 2006 დან 2011 წლამდე კუნძულის შესახებ ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას, ამტკიცებს აშშ-ს ყოფილი უშიშროების სამსახურის კონტრაქტორი, რომელმაც სამსახურის ფართოდ გახმაურებული ინფორმაციები გაასაჯაროვა 2013 წელს.
არგენტინის პრესა სნოუდენის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრიტანელები სათვალთვალოდ კომპიუტერულ ვირუსებს და მთავრობის დისკრედიტაციისთვის დეზინფორმაციასაც იყენებდნენ.
ბრიტანეთის და არგენტინის მთავრობებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებიათ.