სახელმწიფო სისტემა, რომელიც დანაშაულებრივი ფორმებით საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს და არ აძლევს სამართლის პოვნის საშუალებას, საქართველოში არც წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბებულა და არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დანგრეულა… ის კარგა ხნით ადრეც იყო და დღესაც აგრძელებს არსებობას… უბრალოდ სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დოზით არსებობდა. წინა ხელისუფლებების დროს დანაშაულის ჩამდენები, მომავალ ხელისუფლებაში სამართლის დამდგენებად გვევლინებიან ხოლმე… და ასე იცვლებიან ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე მახინჯი სისტემის უმგვანო შესაკრებები ისე, რომ ჯამში იგივეს ვღებულობთ.
სწორედ სახელმწიფო სისტემის მიერ დაჩაგრულ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებიან მარტიაშვილებიც, რომელთა პრობლემები წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება… მარტიაშვილები, სამწუხაროდ ერთეულები არ არიან საქართველოში… მათი პრობლემის მოგვარებას, ვერც ხელისუფლების ცვლილებამ უშველა და ვერც დეკლარირებულმა სამართლიანობის აღდგენის პროცესმა, რადგან სისტემა, რომელთა მსხვერპლიც ისინი იყვნენ, დღესაც მყარად დგას ფეხზე.


ჩვენ 4 წელი ბრძოლა დაგჭირდა იმისათვის, რომ მთავარ პროკურატურას აღეძრა სისიხლის სამართლის საქმე ჩვენს პრობლემაზე, რასაც 2012 წლის ოქტომბერში ძლივს მივაღწიეთ … საქმის აღძვრიდან ცოტა ხანში, 14 დეკემბერს – მე და 21 დეკემბერს – ჩემი ძმა დავით მარტიაშვილი დაზარალებულად გვცნეს…
ვიფიქრეთ, რომ აქ მოეღო ბოლო ჩვენს ტანჯვა -წამებას… თურმე სად ვყოფილვართ… მაშინ იწყებოდა თურმე ყველაფერი…
თუ რაიმე უსამართლობას კი ოდესმე წავწყდომივართ, ის არაფერი იყო იმ უსამართლობასთან შედარებით, რასაც ქვემო ქართლის საოლქო პროკურტურაში წავაწყდით… პროკურატურაში რომელსაც ჩვენი სისხლის სამართლის საქმე აწერია.
ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები იმისა, რომ პროკურატურამ მოწინააღმდეგე მხარესთან დაიწყო თანამშრომლობა, რადგან მათ დღევანდლამდე არა აქვთ ჩატარებული არც ერთი დაპირისპირება ,არც ერთი ამოცნობა და არავინ არ არის დასჯილი ცრუ ჩვენების მიცემისათვის…
იმდენად არა ობიექტურად მიდიოდა აღნიშნული საქმის მსვლელობა, რომ ჩემმა ძმამ დათომ, წერილითაც კი მიმართა პროკურატურას, რომ მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება გაეუქმებინათ, რაზედაც ასევე წერილობით – უარყოფითი პასუხი მიიღო.
ამის შემდეგ აღნიშნული საქმე შემოიდო თაროზე, სადაც ,,პატიოსნად,, დევს დღემდე… ხოლო პროკურორს და გამომძიებლებს ჩვენს ყოველ მისვლაზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ: ,,სიახლე არაფერია,, და დამცინავი ღიმილი…

დაზარალებულს არაფრის უფლება არა აქვს კი იცით… და ერთადერთი რასაც ვაკეთებდი გასული დროის მანძილზე, ეს იყო რომ საჩივარს საჩივარზე ვწერდი მთავარ პროკურატურაში და რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველა განცხადება ეწერებოდა რუსთავის პროკურატურას იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ვუჩიოდი…. ვთხოულობდი გამომძიებლის აცილებას და იგივე გამომძიებელს აწერდნენ საჩივარს შესასრულებლად…
მივმართე გენინსპექციას, ზედამხედველობასაც და ბოლოს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, ქალბატონ ბესელიას… ბესელიასაგან შარშან, მაისის თვეში მივიღე პასუხი, რომელშიც ეწერა რომ ჩემი წერილი რეაგირებისათვის დააწერეს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, რომელსაც თხოვდნენ რომ ერთი თვის ვადაში პასუხი ეცნობებიათ ჩემთვისაც და პარლამენტისთვისაც… ჩემი ერთი თვე გამოდის, რომ ჯერაც არ გასულა და პარლამენტს გასცეს თუ არა პასუხი, არ ვიცი…

მართალი გითხრათ, 2014 წლის ივნისის თვიდან ჩავიქნიეთ ხელი ჩვენი პრობლემის მოგვარებისა და სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე… დავანებეთ ყველაფერს თავი… მივხვდით, რომ არაფერს აზრი არა აქვს… აწი აღარც საოლქო პროკურატურას შევაწუხებთ და აღარც მთავარ პროკურატურას… ადვოკატები ისედაც არ გვყავს უსახსრობის გამო… რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგვიხსნეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც ბოდიში მოგვიხადა და კარი მოგვიხურა… უკვე აღარაფრის იმედი არ გვაქვს.,, აცხადებს ნონა მარტიაშვილი
ესაუბრა კახაბერ ადამია
P.S. გთავაზობთ მარტიაშვილების საქმეზე, სტუდია ,,GNS,,ს მიერ გაკეთებულ ჟურნალისტური გამოძიების ვიდეოჩანაწერს, რომელიც სატელევიზიო გადაცემა ,,კვირის რეპორტაჟში,, გავიდა 2012 წლის 16 დეკემბერს


















