სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 10:48

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა 17 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე ლ.ლ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
საქმე ეხება 2011 წლის 18 მარტის შემთხვევას, როდესაც, მოქალაქე ლ.ლ–ს მტკიცებით, ის უცნობმა პირებმა დააკავეს და პროკურატურაში მიიყვანეს.
“ადგილზე მისულს პროკურატურაში განუმარტეს, რომ თუ ლ.ლ. გადაიხდიდა ჯარიმის სახით 15 მილიონ ლარს (რომელიც მოგვიანებით შემცირდა 12 მილიონ ლარამდე), ბანკი, რომელშიც აღნიშნული მოქალაქე იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობას, შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მასთან ერთად დააკავებდნენ ბანკის დირექტორატის და ფონდის გამგეობის წევრებს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, თანხის გადარიცხვა ფონდის მიერ საქართველოს ბიუჯეტში მეორე დილით, 19 მარტს მოხდა, თუმცა ქვითარი 18 მარტით დათარიღდა. თანხის გადარიცხვის მიზნად ლ.ლ-ს ჯარიმის გადახდა მიეთითა.
“სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: ლ.ლ. ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 მილიონი ლარის ოდენობით”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, თანხის სახელმწიფოსთვის გადარიცხვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე და განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, შესაძლოა მიუთითებდეს მოქალაქე ლ.ლ.–ს მიმართ საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელებულ იძულების ფაქტზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველია.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 10:48

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics