,,საქართველო უპირველეს ყოვლისა,, – ირინა სარიშვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 10, 2015 00:58

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა,, – ირინა სარიშვილი

,,ბოლო პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული საინფორმაციო სივრცე წალეკა ანტიუკრაინულმა, ანტიდასავლურმა გადაცემებმა სააკაშვილის განუწყვეტელი კრიტიკის ფონზე. რუსულ პროპაგანდას, სამწუხაროდ, მხარი აუბა ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა დიდმა ნაწილმა საქართველოშიც, ამავე პოზიციაზეა დღევანდელი ხელისუფლებაც.
ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად გაიყო ჩემი და იგორ გიორგაძის პოზიციებიც. მე ვადასტურებ მის უდანაშაულობას შევარდნაძის დროს განხორციელებულ ტერაქტებში; ვადასტურებ იმას, რომ ის ერთადერთი მინისტრი იყო შევარდნაძის გარემოცვაში, რომელმაც ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას ხელი არ მოაწერა; ვადასტურებ იმასაც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცილისწამების საფუძველზე, ბუნებაში არარსებული შეხვედრის გამო უსამართლოდ ბრალი დაგვედო სახელმწიფო ღალატში, რის გამოც ბევრი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, მათ შორის, ჩემი უახლოესი მეგობარი, სამი შვილის დედა მაია თოფურია. და მაინც, როგორც ადრეც განვაცხადე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დღეს რუსეთის სასარგებლო პოზიციის დაკავება. მე მქონდა ბ–ნ იგორთან ამის შესახებ სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვრჩებით ძალიან კარგ მეგობრებად ოჯახებით, მაგრამ პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილმა დღესაც რომ მოღალატე დამიძახოს, მე ჩემს პოზიციას არ შევიცვლი!
ეხლა კი საქმეზე:
დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ეძლევა შანსი, შესაბამისი პოზიციის დაკავების შემთხვევაში, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენიდან, აიცილოს განახლებულ საბჭოთა კავშირში გაერთიანება და ჰქონდეს რეალური პერსპექტივა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების.
ამას არ მალაპარაკებს ემოცია: ვინც მე მიცნობს, საქმეში მე ემოციისგან ძალიან შორს ვარ;
ამას არ მალაპარაკებს დასავლეთისადმი, იმავე შტატებისადმი აღტაცებული დამოკიდებულება: ამ ასაკიდან დისიდენტობის მერე გამოვედი, დასავლეთს, როგორც სხვაზე უკეთესს, ისე ვუყურებ;
ამას არ მალაპარაკებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის ზედმეტად შეფასება ან იმის განცდა, რომ დასავლეთი, იგივე აშშ საკუთარ სტრატეგიას საქართველოს ანაცვალებს.
ეხლა ვწერ მათთვის, ვინც არა მოწოდებით პრორუსობის, არამედ სიფრთხილის და მწარე გამოცდილების გამო არ ენდობა დასავლეთს. სწორედ მათ ვთხოვ, მაქსიმალურად ყურადღებით წაიკითხონ, ის, რაც მე თვითონ გამოვიარე, რასაც თვითონ ვფიქრობ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები.
ორ მომენტს გავიხსენებ ძალიან მოკლედ:
1. 1993 წლის სექტემბერი;
2. 2008 წლის აგვისტო.
და ამ ორისგან თვისობრივად განსხვავებული:
3. დღეს მიმდინარე პროცესები უკრაინაში.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2008 წლის აგვისტო. მსოფლიოში ალბათ ყველაზე ხანმოკლე ომი, რომელმაც საქართველოს მომავალი უკვე მეორედ შეცვალა.
პირველი 1993 წლის სექტემბერში იყო, როცა სოხუმი დაეცა.
და არც ერთ შემთხვევაში ომი საქართველოს არ დაუწყია. ორივე შემთხვევაში ომის ინიციატორი იყო რუსეთი, რომელთანაც ტაქტიკური მოსაზრებებით დასავლეთი გარიგებაზე წავიდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ორ სუპერსახელმწიფოს შორის დავას შეეწირა პატარა ქვეყნის ინტერესები, რადგან ერთ–ერთისთვის – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასავლეთისთვის და იმავე შტატებისთვის, საქართველო იმ კონკრეტულ მომენტებში (1993 წლის სექტემბერი; 2008 წლის აგვისტო), მხოლოდ ტაქტიკა იყო და არა სტრატეგიის ნაწილი.
ორივე შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ამ დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ხელისუფლებების შიგნით არსებული მოღალატური დაჯგუფებები.
უფრო კონკრეტულად:
1992–93 წლები:
რუსეთის მხრიდან თავსმოხვეული ომი აფხაზეთში.
მე პირადად ვმონაწილეობ ჩხუბამდე მისულ დავაში, როცა შევარდნაძე არწმუნებს კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს, რომ ეს პროვოკაციაა. კიტოვანი აფხაზეთისკენ რუსულ პროვოკაციაზე საპასუხოდ თვითნებურად მიიწევს და რუსეთის მიზანის მიღწეულია: მან მშვენივრად იცის, რა მდგომარეობაშია საქართველოს ჯარი, იცის ისიც, რომ საქართველოს მთავრობაში ბევრია ფარულად და ღიად შევარდნაძის მოწინააღმდეგე, მათ შორის თავდაცვის მინისტრი კიტოვანი (შემდეგ შეიცვალა ყარყარაშვილით), ჯაბა იოსელიანი, და იმაშიც დარწმუნებულია, რომ დასავლეთისთვის იმ მომენტში, საქართველო გარიგების თემა შეიძლება გახდეს.
მე მაშინ, როგორც ვიცე–პრემიერმა და როგორც ყოფილმა დისიდენტმა, მივმართე დასავლეთს თხოვნით, არ დაეტოვებინათ საქართველო მარტო. ეს საკმაოდ ემოციური მიმართვა მასმედიის საშუალებით თითქმის მთელს დასავლეთში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ამ ტიპის აქციებს უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა.
რუსული პროვოკაციის, დასავლეთის ინერტულობის და შიდა ღალატის შედეგად 1993 წლის სექტემბერში სოხუმი დაეცა. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების, ასევე ლტოლვილების დაბრუნების მოტივით დსთ–ში გაერთიანებით რა თქმა უნდა საქართველომ ვერც ლტოლვილები დააბრუნა და ვერც რუსეთთან დაალაგა ურთიერთობები.

2008 წლის აგვისტო.
დანაშაულებრივი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, წინასწარ წასაგებად განწირული ომი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწყია, თუმცა, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს, ხელისუფლებაში ჩემი ღმა რწმენით, მოქმედებდა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დაგეგმილი პროვოკაციის განხორციელებაში საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. ყბადაღებული ფოტო და ვიდეო მასალები სააკაშვილის ქმედებებზე (ჰალსტუხი და ა.შ.) ერთერთი დასტურია იმისა, რომ შედეგი, რომლითაც დასრულდა აგვისტოს ომი, მისთვის სრული მოულოდნელობა იყო.
როგორც წინა, ასევე ამ შემთხვევაშიც, რუსული პროვოკაციის, დასავლეთის პასიურობის და შიდა ღალატის შედეგად საქართველომ კიდევ ერთი მარცხი იწვნია, რის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო.
ორივე შემთხვევაში – 1993 და 2008 წლებში რუსეთთან ერთად მე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებდი დასავლეთს, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში პატარა ქვეყნების ხარჯზე ტაქტიკური მოსაზრებებით რუსეთისთვის სასარგებლო გარიგებებზე მიდიოდა. უფრო მეტიც, თუ 1993 წელს ემოციური წერილით შემოვიფარგლე, 2008 წლის შემდეგ მე ბევრად კრიტიკული გავხდი და აშშ–ს მათი პასიურობისთვის არც თუ სასიამოვნო ფრაზით: “Fuck You Very Much” საჯაროდ მივმართე.
რა შეიცვალა დღეს?
დღეს ბრძოლის ველი უკრაინაა! უკრაინა, განსხვავებით საქართველოსგან, აშშ–თვის სტრატეგიაა და არავითარ შემთხვევაში არ გახდება ტაქტიკური უკუსვლების მოედანი, პირველ რიგში, დნესტრისპირეთში – რეგიონში, სადაც უკრაინის მხრიდან დასავლური პოზიციების შემთხვევაში რუსეთი ბუტერბროდის შიგთავსს ემსგავსება. უკრაინაში გავლენის დაკარგვა რუსეთის იმპერიის დასასრულს ნიშნავს.
აი, რატომ გადის საქართველოს მომავალი დღეს უკრაინაზე და კერძოდ ოდესის ოლქზე! და ვინც არ უნდა იყოს იქ არარუსული ან ანტირუსული პოზიციების გამტარებელი, ჩემი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, მხარს დავუჭერ, რადგან რუსული იმპერიის დასასრული ჩემი ქვეყნისთვის თავისუფლების, განვითარების შანსს ნიშნავს!
პოლიტიკაში ნდობასა და გარანტიებზე ცოტა არასერიოზულია საუბარი.
ყველაზე დიდი “ნდობა” ინტერესთა თანხვედრაა.
ყველაზე დიდი გარანტია – სწორი პოზიცია, რომელიც მოგების შემთხვევაში შანსს გაძლევს!
რუსეთისკენ ყურება საქართველოსთვის ორივე შემთხვევაში გაქრობის ტოლფასია: ევრაზიის კავშირში დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად! თან მაჩანჩალა პოზიციებზე! ტყუილად გაქვთ, 37მანეთიან ბილეთზე მტირალნო ძველებურად ქართული კონიაკის და ეროვნული ცოცარის იმედი! ახალ რუსს ეგ აღარ ჭირდება!
აღარაფერს ვამბობ იმ პათოლოგებზე, რომლებიც ამაყად გაიძახიან, არც რუსეთის გუბერნიობა მინდა და არც ამერიკის შტატობაო! საინტერესოა, სად, ვინ და როდის “დაემუქრა” საქართველოს გაშტატებით!
არა ერთხელ მითქვამს და დღეს კიდევ ვიმეორებ! დღეს საქართველოს, თუ ხელისუფლებას არა, საზოგადოებას მაინც, სწორი პოზიცია საკუთარი თავისთვის ჭირდება. აქედან სააკაშვილს და დნესტრისპირეთში მიმდინარე პროცესებს ვერც მიშას გინებით და ვერც ქებით ვერ შევცვლით! ჩვენი პოზიციით ჩვენ საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ:დაშლილი, მშიერი, უპერსპექტივო საქართველო თუ თავისუფალი, განვითარების რეალური შანსის მქონე ქვეყანა, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებს მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს, როცა ძლიერი და მიმზიდველი იქნება.

ყველაფერი ჩვენს ხელშია! მთავარია დავინახოთ! მთავარია დავიჯეროთ!

სტატუსი: საქართველო უპირველეს ყოვლისა,, წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 10, 2015 00:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics