“საქართველო ევროპული ოჯახისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაგრამ რუსეთის იგნორირება არ უნდა მოახდინოს”

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 13:01

“საქართველო ევროპული ოჯახისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაგრამ რუსეთის იგნორირება არ უნდა მოახდინოს”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული ფასეულობები და ევროპული ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს არსებული რეალობაც გასათვალისწინებელია.

როგორც ნინო ბურჯანაძემ “პალიტრაTV”-ის ეთერში განაცხადა, მას ძალიან სურს, რომ საქართველოს მეზობლები შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი და იტალია ყოფილიყვნენ, თუმცა ერთია რა სურს მას და მეორეა ის რეალობა, რომელიც არსებობს. პრორუს პოლიტიკოსობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული “იარლიყი” მას მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასთან ადვილად ბრძოლისთვის მიაწება.

“იგივე დასავლეთმა, რომლის ფასეულობების მე ძალიან მჯეროდა, ხმა არ ამოიღო ჩვენს და პოლიტპატიმრების დასაცავად, იგივე 26 მაისს, იგივე 2009 წელს, სწორედ იმიტომ, რომ პრორუსული “იარლიყი” მქონდა მოწებებული. მე არასოდეს არ ვყოფილვარ არც ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი და არც ერთმნიშვნელოვნად პრორუსული არასოდეს არ ვიქნები. ჩემი ორიენტაცია არის ის, რაც სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, ეს მოეწონება ვინმეს თუ არა უნდა ამოვიდე რეალური პოლიტიკიდან”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზ,ე საქართველო ევრაზიული კავშირისკენ უნდა ისწრაფვოდეს თუ ევროკავშირისკენ, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის დღესვე ორივე ხელით იქნებოდა მომხრე საქართველო ევროკავშირის წევრი რომ იყოს.

“რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ევროპული ფასეულობები, ევროპული ოჯახი, ევროპული ძალიან ბევრი რამ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა. რა თქმა უნდა, ევროპული ოჯახისკენ უნდა ისწრაფვოდეს საქართველო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოს რუსეთის იგნორირება, ეს ყველაზე დიდი და ტრაგიკული შეცდომა იქნება ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა მოგვერიდოს და უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც ეს რუსეთს ან ამერიკას მოეწონება, არამედ ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა “პალიტრაTV”-ის ეთერში.

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 13:01