“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ”

news
ავტ.: news თებერვალი 19, 2015 11:54

“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ”

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
ამით საქართველოს უწყება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს შემდეგი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატო-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს. აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რითაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ, ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის “ჩათრევის” მცდელობის ფონზე.

news
ავტ.: news თებერვალი 19, 2015 11:54