სასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 12:21

სასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან , თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, იურიდიულმა დეპარტამენტმა, მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით, შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება.
“ამავე კოდექსის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნებისმიერი ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოხდა ამ განჩინებით განსაზღვრული აღკვეთი ღონისძიების სახის (პატიმრობის) შეცვლა/გაუქმება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, “კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ამრიგად, თავად ეს ნორმა მიუთითებს, რომ სასამართლოს განჩინება კონკრეტული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უქმდება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული განჩინება გამოტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამდე. ამავე ნორმის შესაბამისად, შესაძლებელია განჩინების მოქმედების შეჩერება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღკვეთი ღონისძიების მოქმედების შეჩერებას. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუქმებულა ან შეცვლილა. შესაბამისად, პროცესის მონაწილე მხარეებს, მათ შორის ბრალდებულს ან/და მის დამცველს უფლება აქვთ თავად მიმართონ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენს მხარეს, რომელიც უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
სასჯეღასრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები დაიცვან.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 12:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics