სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობასა და პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 11:03

სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობასა და პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 თებერვლის ღამეს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა , რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში.
“ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს”, -ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 11:03