„სასკოლო მზაობის პროგრამაზე“ რეგისტრაცია იწყება

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 11:29

„სასკოლო მზაობის პროგრამაზე“ რეგისტრაცია იწყება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად, “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.

“სასკოლო მზაობის პროგრამაზე” დარეგისტრირება 12 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე – www.kids.org.ge იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.

“სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას ეფუძნება, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება.

პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3 საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება, ის ბავშვები კი, რომლებიც ბაღში არ დადიან, საჯარო სკოლებში, სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში მოემზადებიან.

“სასკოლო მზაობის პროგრამა”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა და დედაქალაქის 159-ვე ბაღში განხორციელდება. ამასთან, შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკლევი) და “სასკოლო მზაობის პროგრამის

ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ასევე, შემუშავდა მასწავლებლების სატრენინგო მოდული.

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 11:29