სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი 2012 წლის ამნისტიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2015 15:52

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი 2012 წლის ამნისტიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი 2012 წლის ამნისტიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,2006 წელს ხელისუფლების მიერ დანაშაულის მიმართ გამოცხადებულმა „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ ცხადყო, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მკაცრი საყოველთაო სამართლებრივი დევნა გამოიწვია, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით და მართლმსაჯულების პროცესების ხარვეზებით ხასიათდებოდა. გასულ წლებთან შედარებით 2006 წლის შემდგომ მსჯავრდებულთა რაოდენობა წლიურად არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. საქართველომ პატიმართა რაოდენობის მხრივ ევროპაში – პირველი და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. ამის პარალელურად დაღმავალი ტენდენცია დამკვიდრდა გამამართლებელი განაჩენების მიმართ, 2007-2009 წლებში, გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა სტატიკურად 0.1% – ს შეადგენდა. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებამ და დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ არაჰუმანურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ისიც, რომ სასჯელის შეკრებითობის პრინციპის მოქმედების ფარგლებში, სასამართლოები მსჯავრდებულებს არაადეკვატურად მძიმე სასჯელს უნიშნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2003-2012 წლებში პენიტენციალურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, რამაც პატიმრების უფლებების, მათ შორის აბსოლუტური უფლების მასობრივი ხელყოფა გამოიწვია. რაზეც სახალხო დამცველი 2006-2012 წლის ანგარიშებში ინტენსიურად საუბრობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა მიკაელ აასტრუპ იენსენმა და ბორის ცილევიჩსმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ითქვა, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოსთვის. იენსენმა და ცილევიჩსმა აღნიშნეს, რომ ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ხელს უწყობდნენ და თვალს ხუჭავდნენ მსგავს დანაშაულზე, კანონის სრული დაცვით უნდა დასჯილიყო.

პატიმრების წამების პარალელურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების ყოველგვარი უგულვებელყოფით იქნა დამკვიდრებული, ასეულათასობით მსჯავრდებული არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი გახადა.

ზემოთ გათვალისწინებული ფაქტების შეფასებით ცხადი ხდება, რომ 2012 წელს განხორციელებულმა ამნისტიამ თავის არსით უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მართლმსაჯულების ორგანოებსა თუ პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული ვითარების განსამუხტად და საყოველთაო მხილებისა და დევნის პოლიტიკის აღკვეთაში გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სავსებით სამართლიანად, აქტიურად უჭერდნენ მხარს სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანოები და ორგანიზაციები. რადგანაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების სისტემურმა დარღვევამ, პატიმრების მასობრივმა წამებამ და გაუპატიურების ფაქტებმა, განაპირობა ადრესატების მიმართ ჰუმანური აქტის – ამნისტიის გამოყენება.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომისის მიერ საქართველოში 2012 წლის 19-23 ნოემბრის ვიზიტზე დაფუძნებით, 2012 წლის ამნისტიის აქტი დადებითად იქნა შეფასებული. 2013 წლის 31 ივლისს სტრასბურგში კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან ამნისტიის შესახებ კანონს, რადგან კანონმა დადებით გავლენა იქონია საქართველოში პენიტენციალურ დაწესებულებებში ვითარების გამოსწორებაზე; ასევე მათი შეფასებით, მანამდე ციხეში არსებული ვითარებაადამიანის უფლებების დარღვევასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთვას წარმოადგენდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარმა მარკუს ლონინგმა 2012 წლის 15 იანვარს, თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ის მიესალმება საქართველოს საპყრობილეებიდან დაახლოებით 3000 პატიმრის გათავისუფლებას ამნისტიის გზით, მათ შორის – 190 პოლიტპატიმრის და 25 პოლიტდევნილის. მისი განცხადებით, პენიტენციალური სისტემისგადატვირთულობა ქმნიდა ნიადაგს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, რადგან საქართველოშიევროპის მასშტაბით პატიმართა რაოდენობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. მან ასევე დადებითად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროცესი კანონის შედგენის დროს.

ოფიციალური ინფორმაციით ამნისტირებულთა მხოლოდ 6 %-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რომელთაგანაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მაჩვენებელი 2 %-ს არ აჭარბებს. შესაბამისად, ამნისტირებულთა 94 %-ის მიერ ხელახალი დანაშაული არ იქნა ჩადენილი, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამნისტიის აქტის პოზიტიურ მნიშვნელობას.

2012 წლის ამნისტიის კანონი, საერთაშორისო ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული. ეს იყო ერთ–ერთი პირველი ქმედება, რაც ახალმა ხელისუფლებამ განახორციელა, საზოგადოების მიმართ მასობრივი უფლებების შელახვისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის საპირწონედ. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ 2012 წლის ამნისტიის აქტი ფასდება როგორც უდანაშაულო ადამიანების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტი. ხოლო ის პოლიტიკური თუ პოლიტიზებული ძალები, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული პროცესის სტიგმატიზაციას, ვთვლით, რომ ამ ფორმით გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, რადგან შესაძლოა ისინი მხარს უჭერდნენ ან იყვნენ ირიბი თუ პირდაპირი მომხრეები ადამიანის სისტემური და მასობრივი წამების, არაადამიანური – ღირსების შემლახველი მოპყრობის. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე სხვა პირებს, თავი შეიკავონ გათავისუფლებული პირების სტიგმატიზაციისგან, ვინაიდან „ამნისტიით გათავისუფლებულის ნიშა“ არ უნდა იქცეს პირის ნეგატიურ კონტექსტში ეტიკეტირების მექანიზმად და არ უნდა ასოცირდებდეს დამნაშავესთან,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2015 15:52

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics