რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 13 000 რკინიგზელი სახელმწიფო დაზღვევის გარეშეა დარჩენილი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

1-ელ აპრილს, “საქართველოს რკინიგზასა” და სადაზღვევო კომპანია “ირაო”-ს შორის გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 1 აპრილის 24:00 საათზე ამოიწურა სს “საქართველოს რკინიგზასა” და შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო”-ს შორის 2014 წლის 1 აპრილს გაფორმებული N შს/14-088 სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სს”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები 2015 წლის 2 აპრილის 00:00 საათიდან ჩაერთვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება N 36 -ით განსაზღვრულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.
2013 წელს “საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა” და სს “საქართველოს რკინიგზა”-ს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.4. მუხლის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა და სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით.
სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი აგრძელებს სოციალური პარტნიორობის პრინციპებისა და პროფკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს, როგორც სს “საქართველოს რკინიგზის” სოციალურ პარტნიორს, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ამ დრომდე არ გააჩნია დეტალური ინფორმაცია თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სადაზღვევო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ რკინიზელებს და მათი ოჯახის წევრებს შეუწყდათ უმნიშვნელოვანესი სოციალური გარანტიები.
გარდა ამისა, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა, რომლის სარგებლობის ქვეშაც დღეს მოექცნენ რკინიგზელები, არ გულისხმობს ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებს, როგორიცაა მაგალითად მედიკამენტებზე ფასდაკლება და სხვა სიკეთეები, რაც ნიშნავს იმას, რომ რკინიგზელების სოციალური გარანტიები მკვეთრად გაუარესდა.
გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პროცესები გახლავთ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, ახალი პროფკავშირები როგორც კომპანიის სოციალური პარტნიორი, ამ მოვლენას აფასაებს როგორც მენეჯმენტის დაბალ პროფესიონალიზმის აშკარა გამოვლინებად ან მიზანმიმართულ მავნებლურ საბოტჟის შემცველ ქმედებად, რადგან 13000 რკინიგზელი და მათი ოჯახის წევრები, სახელწიფოს, (კერძოდ კი შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს) დააწვა დამატებით მძიმე ტვირთად.
თითოეული რკინიგზელი უარყოფითად აფასებს ამ მოვლენას, რასაც ბუნებრივია ეთანხმება ახალი პროფკავშირები და მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ტენდერი სადაზღვევო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით და პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა თავიდან იქნას აცილებული დასაქმებულების მორიგი სოციალური პროტესტი.
ვიმედოვნებთ, რკინიგზის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება აღნიშნულ ვითარებას და რკინიგზელებს უმოკლეს ვადაში კვლა ექნება ნორმალური კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა”, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები