რას ჰყვება თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 21, 2015 13:20

რას ჰყვება თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდეს1 აგვისტოს თბილისში გამართულ უეფას თასის ფინალურ შეხვედრაზე აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფის დასწრებამ სოხუმში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იქაურმა საზოგადოებამ ისინი, თითქმის ერთხმად, სამშობლოს მოღალატეებად და “აფხაზი ერის სამარცხვინო შვილებად” შერაცხა.

თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ აფხაზები ენგურის მარცხენა სანაპიროზე მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად არ გადმოდიან. თბილისის საავადმყოფოებში არაერთი მათგანი იკეთებს რთულ ოპერაციას და გადის მკურნალობის საკმაოდ ძვირადღირებულ კურსს, რასაც საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს. 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ამ მომხასურებით აფხაზეთში მცხოვრებმა 193 ადამიანმა, მათ შორის 31-მა ბავშვმა ისარგებლა.

“რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა აფხაზ ქალბატონს, რომელსაც თბილისში 6 წლის შვილიშვილი ჰყავს სამკურნალოდ ჩამოყვანილი. რესპონდენტის ვინაობას, ასევე სხვა დეტალებს, მისივე თხოვნითა და უსაფრთხოების მიზნით, არ ვასახელებთ.

აფხაზი ქალბატონი: უკვე ორი კვირაა, რაც თბილისში ვარ. ჩემს ექვსი წლის შვილიშვილს რევმატიზმი აქვს და აქ ვმკურნალობთ. სამწუხაროდ, აფხაზეთში მედიცინა, განსაკუთრებით საბავშვო, თითქმის არ არსებობს, რუსეთში წასვლა და მკურნალობა კი ჩვენთვის წარმოუდგენლად ძვირია. შესაბამისად, ვარჩიეთ თბილისში ჩამოსვლა. აქ ყველაფერი უფასოდ გვაქვს. საავადმყოფოშიც სასიამოვნო და სუფთა გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ იციან საიდანაც ვართ, ექიმები თავაზიანად გვექცევიან. არც საცხოვრებელი ადგილის პრობლემა გვაქვს, ჩემმა ნათესავმა დროებით საკუთარი ბინა დაგვითმო.

“რეზონანსი”: ახლახან თბილისში აფხაზი ახალგაზრდების ჩამოსვლას სოხუმში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. როგორია აქ სამკურნალოდ ჩამოსულთა მიმართ დამოკიდებულება?

– ნეგატიური. არის ბრალდებები სამშობლოს ღალატში, გაკიცხვა, წყენა, საჯარო კრიტიკა, შენით შეიძლება აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურისა და უშიშროების წარმომადგენლებიც კი დაინტერესდნენ, მაგრამ ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაინც ყველაზე მთავარია.

ისე კი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა აქ ჩამოსულთა კრიტიკით, მერე თვითონ ჩამოსულა აქ სამკურნალოდ.

თბილისში ყოფნის ფაქტს ყველა მალავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ჩამოდის, ზოგი სასწავლებლადაც კი არის აქ ჩამოსული. 2008 წლამდე ბევრი რემონტისა თუ მშენებლობისათვის საჭირო მასალას აქიდან ეზიდებოდა, რადგანაც აქ ყველაფერი იაფი იყო.

– უკან დაბრუნებისას რა სახის პრობლემები შეიძლება შეგექმნათ?

– მე დიასახლისი ვარ და მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის კონფლიქტი მეზობლებსა და ნათესავებთან. ჩემს მეუღლესა და ვაჟიშვილს საოჯახო ბიზნესი აქვთ. აი, მათ კი შეიძლება რამე დაუშაონ. მაგრამ მე არავის არაფერს ვუშავებ, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი შვილიშვილი ჯანმრთელად იყოს, ეს დანაშაულია?!

– აქ ყოფნის მანძილზე რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნიათ?

– არა, არც საავადმყოფოში და არც ქალაქში. თუმცა მაინც ვცდილობ, რომ არ ვთქვა, საიდანაც ვარ. თბილისში ბევრი დევნილია, ბევრი იქ ნაომარია ან ისეთი, ვინც იმ საშინელ ომში თავისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა და არ ვიცი, რა რეაქცია ექნებათ. საჭიროების შემთხვევაში რუსულად ვსაუბრობ, თუმცა ქართულიც კარგად მესმის. მინდოდა ახალგაზრდობის მეგობრები მომეძებდა, თუმცა არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება ექნებათ ჩემდამი და ამიტომ თავს ვიკავებ…

– საქართველოზე რას იტყვით, როგორ მოგწონთ თბილისი?

– თბილისში ადრეც ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. სტუდენტობისას გოგონები ყოველ შაბათ-კვირას აქ მოვდიოდით ხოლმე, კაი დრო იყო, ახლაც სასიამოვნოდ მახსენდება. დღევანდელი თბილისი ბევრად არის შეცვლილი. ზოგიერთი ადგილი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე მაშინ, ზოგიერთი კი – პირიქით. ზუგდიდიდან მატარებლით ჩამოვედი და გზადაგზა ვხედავდი როგორც მოვლილ, ასევე მოუვლელ სახლებსა და შენობებს, თუმცა მოსახლეობის ცხოვრების დონის შედარება აქ და იქ არ შეიძლება, აქ ბევრი ძვირადღირებული ავტომობილი დადის, ახალგაზრდებსაც უკეთ აცვიათ, ბევრი ისეთი ადგილია, სადაც დროის კარგად გატარება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ყველაფერ ამას ჩვენი ახალგაზრდები მოკლებულნი არიან, რაზეც გული მწყდება.

– აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე რას იტყვით, რა შეიცვალა რიგითი მაცხოვრებლების ყოველდღიურ ყოფაში რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ?

– ბევრი არაფერი. ხალხს კვლავ ძალიან უჭირს. ირგვლივ ყველაფერი ჩამკვდარია. მოსახლეობა მხოლოდ სოხუმსა და გაგრაშია, დანარჩენი ქალაქები და სოფლები თითქმის დაცლილია, ყველა გაქცევაზეა, ვინ რუსეთში, ვინ თურქეთში. უმუშევართა და ღარიბთა რაოდენობა დიდია. მაღალია კრიმინალის დონეც. ყველაფერ ამას რუსეთში დიდი ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, რაც ჩვენი შემოსავლის მთავარ წყაროზე, ტურისტების რაოდენობაზე აისახა. ამასთან შემცირდა ფინანსური დახმარებაც, ფასებმა საგრძნობლად მოიმატა ყველაფერზე… მოკლედ ბევრი პრობლემაა და არც მათი მოგვარების გზა ჩანს.

– როგორია ქართველებისა და საქართველოსადმი დამოკიდებულება?

– ჩემი თაობის აფხაზებში, რომლებსაც გვქონია ურთიერთობა ქართველებთან, ვიცნობთ თქვენს კულტურას, შედარებით პოზიტიურია. ჩვენ გვყავდა ქართველი მეგობრები, ხშირად დავდიოდით თბილისში, ქართული ფილმების ჩვენება და ანსამბლების კონცერტები აფხაზეთში ანშლაგით მიდიოდა და ა.შ. თუმცა იმ საშინელმა ომმა იმდენი აფხაზის სიცოცლე შეიწირა, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა გაფერმკრთალდა. ახალი თაობა კი უკიდურესად ნეგატიურად არის თბილისისადმი განწყობილი. ეს გასაგებიცაა. ისინი ომისაგან გაპარტახებულ ქალაქებსა და სოფლებში უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდნენ, ბევრ მათგანს ომმა ოჯახის წევრი წაართვა. ისინი ყველაფერ ამაში ქართველებს ადანაშაულებენ, ამას ხელს უფროსებიც უწყობენ და შესაბამისად ყალიბდება ის დამოკიდებულება, რაც დღესაა. მე არ ვამბობ, რომ ქართველები არ დატანჯულან, უბრალოდ, მასშტაბებზე ვსაუბრობ. ჩვენთან ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც ამ ომმა დაღი არ დაასვა.

რაც შემეხება პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ ომმა ჩემი ძმისშვილის სიცოცხლე შეიწირა და ჩემი ქმარი დააინვალიდა, ქართველებისადმი სიძულვილი არ მაქვს. ომმა ქართველებიც ჩვენსავით დააზარალა, თანაც ახალგაზრდობის თითქმის ყველა ნათელი მოგონება ქართველებს და საქართველოს უკავშირდება. ომის პირველ წლებში ქართული საუბრის გაგონებაც კი ნერვებს მიშლიდა, თუმცა ახლა ინტერნეტით ხშირად ვუყურებ საბჭოთადროინდელ ქართულ ფილმებს და ვიხსენებ ახალგაზრდობის უდარდელ წლებს.

resonancedaily.com

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 21, 2015 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics