რას ამბობენ ამერიკელი ექსპერტები ,,გაზპრომთან,, მოლაპარაკებაზე…? (VIDEO)

საქმე გვაქვს მინისტრის შეხვედრასთან კომპანიის დირექტორთან, რაც ალექსეი მილერისთვის შეუფერებლად მაღალი დონეა… უპრიანი იქნებოდა „გაზპრომს“ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვედროდა“- ედუარდ ჩოუ

ედვარდ ჩოუ, რომელსაც “ამერიკის ხმა” სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში შეხვდა, ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტია. სხვათა შორის, ის მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც საქართველო და აზერბაიჯანული მხარე ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ედვარდ ჩოუ ამბობს, რომ თავისთავად „გაზპრომთან“, როგორც პოტენციურ პარტნიორთან ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებში საგანგაშო არაფერია, მაგრამ კომპანიის ვებგვერდზე გაკეთებული განცხადება, მისი აზრით, რამდენიმე ნიშნით უჩვეულო იყო.

„პირველი: „გაზპრომის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრას ბრიუსელი მასპინძლობდა. ბრიუსელი ქალაქია და ის შეხვედრებს არ მასპინძლობს. ვფიქრობ, აქ იყო ერთგვარი მინიშნება ევროკავშირის მონაწილეობაზე, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი არაფერია. მეორე, რაც მაშინათვე მენიშნა და ბუნებრივი აირის თაობაზე შეხვედრებში მე მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებ, საქმე გვაქვს მინისტრის შეხვედრასთან კომპანიის დირექტორთან, რაც ალექსეი მილერისთვის [„გაზპრომის“ ხელმძღვანელი] შეუფერებლად მაღალი დონეა. წესით, კომპანიის ხელმძღვანელი მეორე კომპანიის ხელმძღვანელს ხვდება და მინისტრი მინისტრს ესაუბრება. ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა „გაზპრომს“ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვედროდა“.

ქვეყნების რისკების უფროსი ანალიტიკოსი კვლევით კომპანიაში „აი-ეიჩ-ესი“ ალექსანდრე მელიქიშვილი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, არც საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაცია იყო გამართული და რამდენიმე ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო განცხადებაც კი გაკეთდა. ის ასევე საუბრობს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების სავარაუდო მიზნებზე.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არანაირ დივერსიფიკაციაზე საუბარი არ არსებობს. ესე იგი, ჩვენ რომ დავუკვირდებით პოზიციას, მთავრობის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ერთის მხრივ გამოდის ენერგეტიკის მინისტრი და აცხადებს იმას, რომ ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, გამოდის მთავრობის მეთაური და ამბობს საპირისპიროს, ანუ – არანაირი საუბარი დივერსიფიკაციაზე არ არსებობს… გაზპრომთან მოლაპარაკებები, ჩემის აზრით, ეს არის ერთ-ერთი ილეთი, რომლის გამოყენებითაც მთავრობა ცდილობს, რომ წნეხი გაზარდოს „სოკარზე“, რათა ამ მოთხოვნასთან გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, მოხდეს რაიმე კომპრომისი აზერბაიჯანული მხარისგან. მე სწორედ ამ ჭრილში ვუყურებ განვითარებულ მოვლენებს“.

დივერსიფიცირების აუცილებლობას სერიოზულ არგუმენტად არც ედვარდ ჩოუ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ საქართველოს ბუნებრივ აირთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან ისედაც ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება აქვს. რაც შეეხება „გაზპრომს“, მისი დაინტერესება საქართველოთი, უფრო როგორც სატრანზიტო ქვეყნით, აიხსნება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ძალიან მომგებიანი შეთანხმება აქვს. ხელშეკრულების დადებამდე მიმდინარე მოლაპარაკებებში მე უშუალოდ ვმონაწილეობდი და შეთანხმების მიღწევაშიც დიდი როლი ვითამაშე… მეორეს მხრივ, თუ „გაზპრომი“ უკეთესს ფასს სთავაზობს საქართველოს, რატომაც არ უნდა მოისმინონ მისი წინადადება? აქ მინდა ხაზი კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა: საქართველო „გაზპრომისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც მას სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის სჭირდება… ასე რომ საქართველოს აზერბაიჯანის მსგავსად, ადგილმდებარეობის მხრივ დიდი უპირატესობა აქვს, რაც მომგებიან ფასზე შეთანხმებისთვის საუკეთესო ბერკეტს წარმოადგენს“.

ალექსანდრე მელიქიშვილის აზრით, ბევრი რამ გაირკვევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება. რაც შეეხება „გაზპრომთან“ მოლაპარაკების პოლიტიკურ მხარეს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან კომპანია, რომლის მთავარი მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, სანდო პარტნიორი ვერ იქნება.

წყარო: ,,ამერიკის ხმა,,

/იხილეთ ვიდეო/

ვირუსის ბლოკატორები