პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა

news
ავტ.: news ივნისი 22, 2015 14:24

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გ. სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2015 წლის 17 აპრილს, გ. სოსანაშვილს დაუმძიმდა ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის.
ამდენად, დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

news
ავტ.: news ივნისი 22, 2015 14:24