პრემიერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა დაავალა.

პრემიერის თქმით ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ დედაქალაქისთვის მიყენებული მძიმე ზარალი ვერეს ხეობაში აშენებულმა ახალმა გვირაბებმა და ესტაკადამ გამოიწვია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფოს ვალდებულებაა მიზეზების შესწავლა და საზოგადოებისთვის იმის ახსნა თუ რა მოხდა რეალურად 13 ივნისის ღამეს.

“ბუნებრივია ეს რამდენიმე დღე გაივლის და ეს ემოციური ფონიც გადაივლის. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგად გაანალიზება და გააზრება იმისა, თუ რა მოხდა. ამის მიზეზების დადგენის გარეშე ჩვენ არ შეიძლება, რომ განვვითარდეთ. ამას სჭირდება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის მომზადება, თუ საჭიროა ჩამოიყვანეთ უცხოელებიც, რათა მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა იყოს წარმოდგენილი. უნდა გავიგოთ რა მოხდა, ეს იყო იმ ახალი გვირაბების მშენებლობის ბრალი თუ სხვა. დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ეს ორი ახალი გვირაბი, რომელიც იქნა აშენებული და ასევე ახალმა ესტაკადამ ვერეს ხეობაში, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. მე არ ვიცი ეს უბრალოდ ემოციური შეფასებაა თუ სიმართლე. ამიტომ ვავალებ ყველა შესაბამის სამსახურს, რომ ამაზე მუშაობა დაიწყონ უნდა გაკეთდეს სამუშაო ჯგუფი და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ს შესწავლა, მიზეზების გაანალიზება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დეტალურად ხდება.

“მე საფრანგეთის მაგალითზე გეტყვით. რამდენიმე ქალაქში მოხდა ისე, რომ ნებართვები იქნა გაცემული არაკანონიერად და ამან შემდეგ გარემოს დაზიანება გამოიწვია. ამ ნებართვების გაცემა ასე ვთქვათ არაკეთილსინდისიერად მოხდა და ეს ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს და გარემოს, იმ ქალაქებს ზიანი მიაყენეს, ისინი დაისაჯენ. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ჩვენი ვალდებულებაა გავარკვიოთ რეალურად რა მოხდა და არა ჩვენი სურვილი და ინტერესი. სახელმწიფო ვალდებულია შეისწავლოს და მოსახლეობას განუმარტოს, თუ რატომ მიადგა ასეთი ზიანი დედაქალაქს და ვინც არ უნდა იყოს უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ესაა გამორიცხული. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე არ ვფიქრობთ, საჭიროა რეალური მიზეზები დადგინდეს, იმიტომ, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული ის რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ ეს აღარ განმეორდება არ არსებობს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან”
შემდეგი სტატია“მადლობას ვუხდი გმირ ახალგაზრდებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ“