პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2015 17:47

პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უშიშროების საბჭოს 11 მუდმივმოქმედი წევრიდან 7 ესწრება: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სხდომას ასევე ესწრება გენერალური შტაბიდ უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
სხდომას არ ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და “საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტის” პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი. მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად. საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2015 17:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics