პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დამნაშავე პირები უმოკლეს დროში უნდა დაისაჯონ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 19:46

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დამნაშავე პირები უმოკლეს დროში უნდა დაისაჯონ

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს დაწყებული გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდეს. გამოძიების მიმდინარეობას სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს.

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს ეგო პასუხი. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთის მხრივ ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს მოხდა 17 ოქტომბერს, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 19:46