პატიმრების კლინიკაში გადაყვანის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 15:13

პატიმრების კლინიკაში გადაყვანის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კლინიკაში პატიმრების გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყება ადასტურებს, რომ გუშინ სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან თვითდაზიანების გამო სამი მსჯავრდებული კლინიკა ლანცეტში გადაიყვანეს.

სამინისტროს განცხადებით, ორი მათგანი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დაუბრუნდა. მესამე მსჯავრდებული ჯერჯერობით კლინიკაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ის სასჯელის მოხდის ადგილს დაუბრუნდება.

„ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მიიყენეს მას შემდეგ, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე.

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად, ხდება მსჯავრდებულთა გადაყვანა და მკურნალობა. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რეფერალი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას.

„სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 15:13

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics