პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული სემინარი გახსნა

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 11:01

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული სემინარი გახსნა

მნიშვნელოვანი

  • რეგიონული სემინარი გახსნა ცოტა ხნის წინ თბილისში პარლამენტის თავმჯდომარემ. ღონისძიების მთავარი თემაა “პარლამენტარების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში”.

სხვა სტატიები

რეგიონული სემინარი გახსნა ცოტა ხნის წინ თბილისში პარლამენტის თავმჯდომარემ. ღონისძიების მთავარი თემაა “პარლამენტარების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში”.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ის აცხადებს, საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია. თუმცა, მისივე თქმით, კვლავ გრძელი გზაა გასავლელი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჭეშმარიტად იქცა დოკუმენტად, რომელმაც მე-20 საუკუნეში შეაჯამა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ, რათა დაცული იყოს ადამიანი და მისი უფლებები,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ფორუმი დაეხმარება პარლამენტის როლის გაძლიერებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.

„დღეის მდგომარეობით საქართველოს ყავს ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით, იმ ქვეყნებს შორის, ვინც ასრულებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხედულებები.

ოპოზიცია მსჯელობის დროს აპირებს ერთ-ერთ საკითხად დააყენოს საკითხი, თუ როგორ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები.

„სემინარზე ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიანობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან მწვავედ დგას, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით. ეს იქნება ერთერთი საკითხი, რომელზეც სავარაუდოდ ჩვენ ვისაუბრებთ. ასევე, ის მიმართულება, რომ ხელისუფლება შესაძლოა, და უკვე დადასტურდა, რომ ბოროტად იყენებს ძალაუფლებას ხშირ შემთხვევაში,“ – განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარიამ საჯაიამ.

სემინარს ესწრებიან როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ქართული მხრიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ადგილზე იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სიტყვით გამოვა იუსტიციის მინისტრიც.

როგორია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება – დისკუსია ამ საკითხზე დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 11:01