ოსური პასპორტი და „Вид на жительство” – ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 05:29

ოსური პასპორტი და „Вид на жительство” – ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო

ოსური პასპორტი და „Вид на жительство" - ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო „დაახლოებით ორი კვირის წინ, ახალგორში საყოველთაო აღწერა დაიწყო. სხვათაშორის, ამის დამადასტურებელი ბანერი რაიონულ ცენტრშიც დგას. აღწერის მიზანია, შეიქმნას კონკრეტული ბაზა იმის შესახებ, ვინ არის მუდმივი მცხოვრები და ვინ არა. მუდმივ მცხოვრებს ოსურ პასპორტებს მისცემენ, არამუდმივებს, რომლებიც აქ არ ცხოვრობენ, და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩამოდიან „Вид на жительство” ცნობას მისცემენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ოსური პასპორტის გაცემა არათუ ძალდატანებით ხდება, არამედ ადგილობრივი ქართველები იხვეწებიან კიდეც. ეს გამოწვეულია იმ სარგებლობებით, რაც ოსურ პასპორტს მოაქვს – კარგი სამსახური, კარგი პენსია და ა.შ. ამჟამად, ოსური პასპორტი ახალგორელების დაახლოებით 30%-ს აქვს აღებული. აღმწერი აგენტები სახლებში დადიან. ყველას შესახებ აქვთ ინფორმაცია, იოციან ისიც, 2008 წლის ომის დროს ვინ სად იუო… გამორიცხული არ არის, მომავალში მოსახლეობას რუსული პასპორტების მიცემა შესთავაზონ, რაც თავისთავად გულისხმობს იგივე რუსულ პენსიასაც. ხალხის გამტყუნება ძნელია, ყველას უჭირს, ჩვენს სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხელი არ მიუწვდება და აკრძალვა რომც მოითხვოს, ანგარიშს ვინ გაუწევს?” – გვითხრეს ახალგორელებმა.

რისი მანიშნებელია ოსური პასპორტების გაცემა და კონკრეტულ შემთხვევაში რა პოზიცია უნდა დაიჭიროს ოფიციალურმა თბილისმა? – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში გიორგი კანაშვილი „პოლიტკომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში კონკრეტული პოლიტიკა შეიმუშავოს.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მხრიდანკონფლიქტის რეგიონებში მსგავსი პროცესების მიმართ თვალის დახუჭვა მიდის. ერთი შეხედვით, იურიდიული თვალსაზრისით არაფერი ხდება, მაგრამ ფაქტობრივად, ხალხი პასპორტებს იღებს. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს პრობლემა არ შეექმნათ. რაც მთლიანობაში კარგია. ადრინდელ მაგალითებს თუ გავიხსენებთ, როცა აფხაზეთში ადგილობრივი პასპორტის გაცემა დაიწყეს, ჩვენი სპეცსამსახურები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გალის მოსახლეობას ადგილობრივი პასპორტი არ აეღო და მათ მოღალატეებსაც კი, ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ეს სწორი მიდგომა არ არის. თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ხალხს ასე აღარ აიძულებენ. ეს კარგია. ისედაც, ამ ხალხს იმდენი ტრაგედია აქვს გადატანილი, მათი იქ ცხოვრება ნამდვილი გმირობაა. ამიტომ, ჩვენგან ხელის შეწყობა სჭირდებათ. მაგრამ აუცილებელია მათ მიმართ გარკვეული პოლიტიკის შემუშავებაც”, -ამბობს კანაშვილი.

მისივე თქმით, პასპორტების დარიგება დე ფაქტო ხელისუფლების ერთგვარი სოციალური მეთოდია – „ცხადია, ოსური პასპორტი ადგილობრივ პენსიას, დასაქმებას და კარგ ანაზღაურებას გულისხმობს. გამორიცხული არ არის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტის შემდეგ, ბევრმა ქართველმა რუსული პასპორტიც აიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ პენსიას მიიღებს. ზოგადად, კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები ადამიანი ყოველთვის გამოსავალზე ფიქრობს. მთლიანობაში ისეთი სურათი იკვეთება, რომ დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებს ქართულთან ერთად ადგილობრივი პასპორტიც ექნებათ, ხოლო ზოგს რუსული პასპორტიც შეიძლება ჰქონდეს. ამ რეგიონებთან მიმართებაში ხელისუფფლებას კონკრეტული სპეციფიკა არ გააჩნია, რაც დიდი შეცდომაა” – დასძენს კანაშვილი.

როგორც ახალგორელები ვარაუდობენ, საყოველთაო აღწერა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც რეგიონში ოსური პასპორტიზაცია დაიწყება.

 

PolitCommersant
თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 05:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics