,,ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ლეგიტიმაცია შეუსუსტდათ”

ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ლეგიტიმაცია შეუსუსტდათ, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული პასპორტები უკვე არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ თავად ოკუპირებულ რეგიონებში გაიცემა.
“უცნაური რამ ხდება რუსეთის ე.წ. მოქალაქეობასთან დაკავშრებით. 2008 წლამდე რუსული პასპორტები გაიცემოდა ვითომ რუსეთის ტერიტორიაზე – სოჭში, ვლადიკავკაზში. შესაბამისად, მათ ჰქონდათ მაღალი ლეგიტიმაცია, რადგან ის რუსეთის მოქალაქეების გამოდიოდა, მაგრამ დღეს ამ პასპორტებს გასცემენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის გამოც მათი ლეგიტიმაცია შესუსტდა – ის უკვე უკანონო ტერიტორიებზეა გაცემული, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და სადაც არ არის რუსეთის საკონსულოების წარმომადგენლობა. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები არის უკანონო”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვლმა.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებლების უმრავლესობას, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ უკვე შეექმნა პრობლემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
“უმრავლესობა ისე ვეღარ მოგზაურობს მსოფლიოში, როგორც მოგზაურობდა პირობითად რომ ვთქვათ კანონიერი რუსული პასპორტებით, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იყო გაცემული. აფხაზ და ოს მოქალაქეებს გამოუვალი მდგომარეობა აქვთ დღესდღეობით, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მეგობარი სახლემწიფოები მისდევენ არაღიარების პოლიტიკას. ამისთვის მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ვირუსის ბლოკატორები