ნინო გვენეტაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი”  უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მოდავე მხარეები სარგებლობენ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, გამოიყენონ საპროცესო კანონით დაგენილი პროცედურული წესები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.
მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობამ და მიუკერძოებლობამ, ეფექტიანმა და დროულმა სამართალწარმოებამ, ასევე, მეორე მხრივ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა. ამ პროცესისადმი ნდობა, ასევე ეფუძნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მზაობას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და სამართალოწარმოებაში ჩაურევლობის თაობაზე.

მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით.

გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე”, – ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება. როგორც ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, 4 500 ლარის დავალიანების გამო საწარმო დაყადაღებულია. ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული და ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიინდიელ ტომებს თავიანთი სისხლის ნიმუში დაუბრუნეს
შემდეგი სტატიასნოუდენი: ბრიტანელები არგენტინას ფოლკლენდის გამო თვალყურს ადევნებდნენ