ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა ერთხელ, როდესაც კოჰაბიტაციის რეჟიმი მოგვახვია თავს

news
ავტ.: news ივნისი 8, 2015 16:55

ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა ერთხელ, როდესაც კოჰაბიტაციის რეჟიმი მოგვახვია თავს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიებმა, რომლებიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვდნენ, უარი თქვეს თავიანთ ყველა დაპირებაზე.
“ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს საკუთარი ხედვები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხედვები აბსოლუტურად იდენტურია. ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა, რომ იმ დაპირებების შეუსრულებლობისა და ტყუილების გამო, რომელიც 2 წლის განმავლობაში ასმენინა მოსახლეობას, მართლაც წააგებდა არჩევნებს და ამიტომ დატოვა ის სისტემა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა აკრიტიკებს. “ქართული ოცნება” დღეს ცინიკურად გვეუბნება, ახლა მაცალეთ ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა დავრჩე რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხოლო 2020 წელს გავითვალისწინებ იმას, რაც სამართლიანია, რასაც ყველა ითხოვს და ამას კონსტიტუციაშიც კი ჩავწერო. ასეთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ცუდ სისტემას ტოვებ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივო, ალბათ პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია. სხვა მხრივ ამ სიბრიყვეს გამართლება ნამდვილად არ აქვს” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებიდანაც, რომ მთავრობასა და პარლამენტში იქნება გარკვეული ცვლილებები და დეპუტატები დაიკავებენ გარკვეულ თანამდებობებს, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ თავად “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ ძალებს შორის დაიწყო ვაჭრობა თანამდებობებისა და პირადი კეთილდღეობისათვის ხალხის ნების არაღსრულების სანაცვლოდ.
“დემოკრატიული მოძრაობა” არ დაუშვებს ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუებას. ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა ერთხელ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ხალხისგან მოშორების სანაცვლოდ კოჰაბიტაციის რეჟიმი მოგვახვია თავს, მოგვატყუა მეორედ, როდესაც ქვეყნის აყვავებას დაგვპირდა და მოვიღეთ ეკონომიკური დაქცევა და უმძიმესი სოციალური ფონი. ახლა გვატყუებს მესამედ, როდესაც გვპირდებოდა, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდა, ორჯერ ჩაატარა ძველი, უსამართლო სისტემით არჩევნები და დღეს კვლავ აპირებს, რომ მომავალი არჩევნებიც ამ სისტემით ჩაატაროს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ე.წ ფეოდალები, რომელსაც ბიძინა თავის დროზე ეძახდა მაჟორიტარებს ახლა კი მათზე დაყრდნობით უნდა ხელისუფლების შენარჩუნება. არ დავუშვებთ იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ერთპროცენტიანი პარტიები, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდეს უსამართლო პოლიტიკურ გარემოში. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, საჩვენებელი ბოიკოტი გამოვუცხადოთ შემოდგომაზე გამოცხადებულ შუალედურ არჩევნებს. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი, ხელისუფლება ამ არჩევნებში უნდა დარჩეს მარტო და მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც სამართლიანი არჩევნები სურს არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარესაა ხელისუფლება, რომელიც იბრძვის თანამდებობის შენარჩუნებისათვის” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ძალები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, იმიტომ რომ შუალედურ არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადება იქნება სერიოზული ბერკეტი, ხელისუფლებამ შეცვალოს უსამართლო პოლიტიკური გარემო, მისცეს პარტიებს შანსი თანაბარ ბრძოლაში მონაწილეობისა და ქვეყანა მართონ იმ ძალებმა, ვისაც რეალურად აქვთ მოსახლეობის მხარადაჭერა და არა იმ ძალებმა, ვისაც ადმინისტრაციული რესურსი, ფული და მედიარესურსები აქვთ ხელში ჩაგდებული.

news
ავტ.: news ივნისი 8, 2015 16:55