“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

news
: news იანვარი 15, 2015 12:42

“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფოთის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ “როსნეფტის” მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს ოკუპაციის კანონის დაცვას და რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას.
“თაიმერი”  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დადასტურებული ცნობებით ფოთის ნავთობტერმინალი გადადის პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღის, რუსული სახელმწიფო კომპანიის – “როსნეფტის” მფლობელობაში, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმაც დაადასტურა.
“როსნეფტის” ხელმძღვანელობა არ მალავს ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების მოლოდინს აღნიშნული ფინანსური გარიგებიდან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა შეიცავს უმძიმეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
ამავე დროს,
1. რუსული კომპანია “როსნეფტი” სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო და საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში მისთვის ოპერირების შესაძლებლობის მიცემა ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

2. “როსნეფტი” არის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანია და მისი ღია ინტერესების სფეროა საქართველოში ეკონომიკური დომინაციის მიღწევა განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ სფეროში.

3. საქართველოს კანონის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” იგნორირებით “როსნეფტი” აწარმოებს უკანონო დაზვერვით და მოპოვებით საქმიანობას შავი ზღვის შელფზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც აღნიშნული კომპანია დაუფარავად და ცინიკურად ახორციელებს.
“როსნეფტის” მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს ოკუპაციის კანონის დაცვას, რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს:

ხელისუფლებამ დაიცვას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.

შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

news
: news იანვარი 15, 2015 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,808
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics