„ნატო გმობს იმ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადადგა“

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 12:42

„ნატო გმობს იმ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადადგა“

ნატო საქართველოსთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს გმობს და რუსეთს მიდგომების შეცვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთის სამეზობლო პოლიტიკასა და მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვგმობთ იმ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, კერძოდ კი ე.წ. შეთანხმების გაფორმება საქართველოს რეგიონთან – აფხაზეთთან. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას რუსეთი საქართველოს სხვა რეგიონთან – სამხრეთ ოსეთთანაც აპირებს. ეს ნაბიჯები არღვევს რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წარმოადგენს რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედების მაგალითს მეზობლებთან მიმართებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი იქმნება, სადაც ნატო-ს, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს გაივლიან.

გერმანიაში მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ე.წ. სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტზე, რომელიც მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს ითვალისწინებს. მსგავსი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტმა გასული წლის ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან უკვე გააფორმა.

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics