„მურმან დუმბაძე აქტიურად ცდილობს, რომ აჭარაში სეპარატისტული დამოკიდებულებები გააღვიოს“

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოედგილე მურმან დუმბაძე ადამიანების დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს.

როგორც ბაციკაძემ დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მურმან დუმბაძის მხრიდან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიმართ გაკეთებული განცხადება ყოვლად უპასუხისმგებლო და საშიში იყო.

„მურმანი აქტიურად ცდილობს, რომ აჭარაში სეპარატისტული დამოკიდებულებები გააღვიოს. ის განცხადება, რომელიც მან „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ვითომდა ქალბატონმა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან, ეს არის მტკნარი ტყუილი. ამ ადამიანისგან ასეთი ტიპის განცხადებები უკვე ხშირად ისმის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი. ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოება მურმან დუმბაძეს დარწმუნებული ვარ, პასუხს გასცემს“, – განაცხადა ბაციკაძემ.

ბაციკაძის ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 2013 წელს მინისტრთა კაბინეტი თურქეთში ვიზიტით გაემგზავრა, უკან დაბრუნებულმა იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კითხვაზე – აშენდებოდა თუ არა ბათუმში მეჩეთი, დუმბაძის შეფასებით უგუნური პასუხი გასცა, როდესაც განაცხადა, რომ „აჭარლებიც ქართველები არიან და ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს“.

მის ამ განცხადებას მაია ფანჯიკიძემ უპასუხა. მისი თქმით, მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს 2013 წლის თებერვალში, თურქეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ეთქვას, რომ “აჭარლებიც ქართველები არიან“, არის „სრული სიცრუე და დუმბაძისთვის ჩვეული პროვოკაციული სტილით ადამიანების შეურაცხყოფის მორიგი მცდელობა“. მისივე თქმით, მურმან დუმბაძის მიერ ტელე „იმედის“ ეთერში, გაკეთებული განცხადება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არის „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილი და პირადად მისი დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა.

ვირუსის ბლოკატორები