მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 12:09

მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება

მოსამართლე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს პატიმრის უსაფრთხოება და სათანადო პირობები უზრუნველყოს, – აღნიშნული მოწოდება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვისას გააკეთა.
მოსამართლის განცხადებას წინ უძღოდა ამ საქმეზე ბრალდებული ლევან ბეროძის, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიერ გაკეთებული განცხადებები.
ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ იგი არა ე.წ. მტროსოვის ციხეში კი არა, არამედ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განათავსეს, სადაც, როგორც ფირცხალავა ამბობს, იქ მოთავსებულმა პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“მიმიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც ადვოკატთან შესახვედრად უნდა გამოვსულიყავი. გამოვიარე ეზოში რამდენიმე კორპუსი. ატყდა ერთი ამბავი. ათასამდე კაცმა მომიკითხა ოჯახის წევრები და ყველა კეთილისმსურველი. ხმა არ გამიცია. უკანა გზაზეც იგივე მოხდა”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ამბობს, რომ თუკი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანენ, იგი მომდევნო პროცესიდან, ორშაბათიდან სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება და ადვოკატზეც უარს იტყვის.
ბოლო სხდომის შემდეგ პირობების გაუარესებაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი ცააძემ. როგორც მან აღნიშნა, ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს, სადაც 4 კვადრატული მეტრის ფართობის საკანში მოათავსეს. ცააძის თქმით, მას გადაადგილების და მოძრაობის საშუალება ფართის არარსებობის გამო არ გააჩნია.
ამ განცხადებების შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა.
“პატიმრების განთავსების საკითხს პენიტენციური სისტემა წყვეტს. სასამართლო ამ საკითხში არ ერევა, მაგრამ საჭიროდ ვთვლი მივმართო სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ იგი ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის უსაფრთხოება და შეუქმნას თითოეულ პატიმარს სათანადო პირობები. მივმართავ სამინისტროს ყურად იღოს თქვენი განცხადება და უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა”, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ლევან ბეროძემ დღეს მოსამართლეს მიმართა, რომ მომდევნო პროცესიდან სასამართლო სხდომას აღარ დაესწრება. ამის მოტივად ბეროძემ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა.
“საერთოდ აღარ მოვალ პროცესებზე. რაც რამე უბედურება არსებობდა ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ძალიან განვიცდი ყველა პროცესს და მოგმართავთ, რომ აღარ მინდა დავესწრო სასამართლო სხდომებს. ვეღარ ვუძლებ. საკანში 6 თვეა მარტო ვარ. არც რადიო მაქვს, არც ტელევიზორი. რთულია ძალიან ჩემი მდგომარეობა”, – განაცხადა ლევან ბეროძემ.
მოსამართლის შეკითხვაზე, მოვიდოდა თუ არა იგი სასამართლოზე მისი დაკითხვის დროს, ბეროძემ აღნიშნა, რომ ამას ადვოკატთან შეათანხმებს.
სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ რიგით სპეცრაზმელს, სოსო ჩაკვეტაიას ჰკითხავს.

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 12:09