შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დღეს, ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, 1969 წელს დაბადებული ფრიდონ მ. მოკლა, ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო და მის დამარხვას აპირებდა.
სამართალდამცველებმა ზვიად ბ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სოფელ ოშორას გასასვლელში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).