„მთავრობის ქმედება დანაშაულებრივია“– სერგო რატიანი ბათუმის ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

news
: news იანვარი 12, 2015 12:13

„მთავრობის ქმედება დანაშაულებრივია“– სერგო რატიანი ბათუმის ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

“2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ამერიკული სტანდარტების ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის დახურვა. ამ პროექტის ჩაშლა არის ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული”,- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის შენობის გაყიდვით მთავრობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში საერთაშორისო დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხოლო ბათუმის, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის იდეის პერსპექტივას სპობს.
„აშშ-ს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო, ამერიკული სტანდარტების ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა. საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკული უნივერსიტეტის ფუნქციონირების წინაპირობად განისაზღვრა საქართველოში ამერიკული დიპლომის გაცემა, ასევე სწავლების საფასურის წლიური ზედა ზღვარი 8000-10000 აშშ დოლარი (რაც ამერიკული უნივერსიტეტების სწავლის საფასურის მესამედია). მთავრობის მიერ უნივერსიტეტის განთავსების ადგილად განისაზღვრა ქ. ბათუმი; კორპორაციის ჯამურ ინვესტიციას უნდა შეედგინა 30 მლნ. აშშ დოლარი“,– განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე განმარტებით, 2012 წლის ოქტომბრისთვის პრაქტიკულად დასრულებული იყო კონკურსი/ტენდერი, რომლის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ და მათი რანჟირებული რეკომენდაციის საფუძველზე, ტენდერის მეორე ეტაპის წინაპირობა/მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა განაცხადმა: 1) კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისურის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჟელესის კამპუსი და საქართველოს აგრარული და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტები. 2) ობურნის უნივერსიტეტი.
„უნივერსიტეტში სწავლა უკვე 2013 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი. ეს პროექტი შეჩერებული იყო მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით. ისევე, როგორც პოლიტიკური მოტივებით აკრედიტაცია შეუჩერდა აგრარულ უნივერსიტეტს და კახა ბენდუქიძის მიმართ წარმოებდა პოლიტიკური დევნა. მთავრობის ქმედება დანაშაულებრივია, არა მხოლოდ კონკრეტული წარმატებული პროექტის მიმართ, არამედ წარმოადგენს შემაშფოთებელ გზავნილს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო პროექტი, კერძო ინვესტიცია და თავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები არ არის დაცული და პოლიტიკური მოტივების საფუძველზე შეიძლება მათი ჩაშლა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ეხება განათლების სფეროს. შესაბამისად, მთავრობის ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ქვეყნის პრესტიჟს, საინვესტიციო გარემოს და კერძოდ, განათლების სფეროს განვითარების პერსპექტივას“,– განაცხადა სერგო რატიანმა.

news
: news იანვარი 12, 2015 12:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics