მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2015 12:36

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ოზურგეთი დღეს “ალეგრობას” ზეიმობს. სახალხო ზეიმში, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, მოსახლეობა საკუთარი სურვილით მონაწილეობს, რაც, ბუნებრივია, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ იწვევს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზეიმი 14:00 საათზე იწყება, რა დროსაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესიც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახალხო ზეიმს საჯარო მოხელეები სურვილისამებრ შეუერთდნენ.
სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და ოზურგეთელებს ალეგრობას მიულოცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2015 12:36