მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალა დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს

news
ავტ.: news მარტი 4, 2015 12:46 განახლებულია

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება.

როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ახალ დეპარტამენტში დასაქმებულ ადამიანებზე არცერთი საჩივარი არ არის შესული მთავარ პროკურატურაში.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საჯარო მოხელეთა მიერ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველ ფაქტებზე სამართალწარმოება გააგრძელოს სწორედ სპეციალიზირებულმა დეპარტამენტმა. დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებს იმ პროცესებთან რაზეც არის კითხვები არ ჰქონიათ არანაირი შეხება. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, მის მოადგილედ კი დაინიშნა პროკურორი კოკა კაციტაძე“,- განაცხადა ბადაშვილმა.
ამასთან, გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მოქალაქეთა მიერ პროკურატურაში შეტანილმა განცხადებებმა განაპირობა, რომლებიც ძირითადად სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს შეეხებოდა.
„საქართველოს მთავრობის და პროკურატურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩამოგვეყალიბებინა სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სამართალწარმოების პროცესში მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. ამ სტრუქტურის ჩამოყალიბების აუცილებლობა განაპირობა მოქალაქეთა მიერ პროკურატურის სისტემაში შემოტანილი განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ“, – განაცხადა ბადაშვილმა
ცნობისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის,  4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. დეპარტამენტის დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ, მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.
news
ავტ.: news მარტი 4, 2015 12:46 განახლებულია

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics