მამუკა კუდავა: პოლიტიკოსს გაბედულება და პირდაპირობა სჭირდება, განსაკუთრებით ოცნების მიერ გაღარიბებულ საქართველოში

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 13:53

მამუკა კუდავა: პოლიტიკოსს გაბედულება და პირდაპირობა სჭირდება, განსაკუთრებით ოცნების მიერ გაღარიბებულ საქართველოში

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სოლიდარობა დიპლომატებს;  პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ელჩი ვაშინგტონში, რადგან აშშ-ში ვიზიტისას ის პრეზიდენტს არ დახვდა და არც გამოჩენილა. საზოგადოების ნაწილი ელჩის სამარცხვინო და უპასუხისმგებლო საქციელზე საუბრობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სწორი მორალი დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებში, ვინც არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში. მე იქ ჩემი კერძო ვიზიტით არ ვიყავი ჩასული, მე იქ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.” გ.მ.
ვინც არ იცის – ელჩები წერილობით ან სიტყვიერ ინსტრუქციებს იღებენ უშუალო უფროსისგან – საგარეო მინისტრისგან და სამინისტროდან. ქალაქიდან ქალაქში წასვლაც კი უნდა შეთანხმდეს. ანუ თუ ელჩმა პრეზიდენტი გადააგდო, ეს მისი მხრიდან პირადი გადაწყვეტილება კი არაა, არამედ შეგნებული აღსრულება სამინისტროს დავალებისა. თავის მხრივ, ასეთი მართლაც უპასუხისმგებლო და პროტოკოლურად შემარცხვენელი ინსტრუქცია დიდი ალბათობით უფრო ზევიდან – მთავრობიდან და პრემიერიდან მოდის.
თუ ელჩი აღნიშნულ დავალებას არ ემორჩილება, მას ორი გზა აქვს: ა) გადადგომა საკუთარი ნებით. ბ) გადაყენება ხელმძღვანელობის მიერ, რაც ოფიციალურად სხვა მიზეზით იქნება ახსნილი და არა შეუსრულებელი დავალებით. მოკლედ, ორივე შემთხვევაში გამოვა ისე, რომ ელჩმა პრეზიდენტ-პრემიერის ეგოების დატოლების პროცესში მიღებული ინსტრუქცია უნდა შეასრულოს, თუ სურს გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე განაგრძოს მუშაობა. დიპლომატი ყოველ არასასიამოვნო თუ მისთვის მიუღებელ დავალებაზე რომ გადადგეს, დიპლომატიური კორპუსი არ იარსებებდა.
ამიტომ დაანებეთ თავი ელჩებს და დიპლომატებს, მათ თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ ამდენი სუპერამბიციური და დილეტანტი პოლიტიკოსის ხელში! მათი კრიტიკა სამუშაოს არაეფექტურობისკენ უფრო უნდა იყოს მიმართული, რაშიც კვლავ დიდია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი – უნიათობის და არაპროფესიონალიზმის გამო. თუ პრეტენზიები გაქვთ, მიმართეთ იმათ, ვინც დიპლომატებზე არასწორად ძალადობს და ხანდახან მართლაც არასწორ გადაწყვეტილებებს აღებინებს. ვაშინგტონში საქართველოს ელჩის თავის მართლება კვლავ და კვლავ ინსტრუქციებია, ის ვერ იტყვის – პრემიერის დავალებას ვასრულებდიო.
და რაც უფრო მთავარია – პრეზიდენტს ურჩევნია, საათნახევრიანი ინტერვიუს ზოგადი საუბრისა და დიპლომატების კრიტიკის მაგივრად, ვინც საჭიროა ის გააკრიტიკოს პირდაპირ და ცხადად – არაფორმალური მმართველი იქნება ეს თუ მისი ნების შემრულებელი მთავრობა. ასე იქცევიან ძლიერი პოლიტიკოსები და არა ისე, როგორც სუსტი პოლიტიკოსი მარგველაშვილი იქცევა – დაბალ ღობედ მიიჩნევს დიპლომატებს, მაღალ ღობეზე კი აუგს ვერ ამბობს.
დიპლომატიური საუბარი კარგია, მაგრამ პოლიტიკოსს გაბედულება და პირდაპირობა სჭირდება, განსაკუთრებით ოცნების მიერ გაღარიბებულ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მხრიდან მუდამ დიპლომატიურ ლაპარაკს ბლა-ბლა ან ლაყაფი წოდება. ამგვარი უსაგნო „ფილასოფსტვუიეტ“ ტონით მარგველაშვილს „აქტიურ პოლიტიკაში დარჩენა“ ნამდვილად აღარ მოუწევს. თუმცა, კარგი შანსი ექნება ვაშინგტონში ელჩად დაინიშნოს, სადაც პრემიერის დახვედრა მოუწევს აეროპორტში”,- განაცხადა კუდავამ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 13:53