„მაისაია არის ჩვეულებრივი ნაძირალა, სამშობლოს გამყიდველი“– ვალერი ზუმბაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 15:13

„მაისაია არის ჩვეულებრივი ნაძირალა, სამშობლოს გამყიდველი“– ვალერი ზუმბაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია შეხება მქონდა ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმესთან, მათ შორის გახმაურებულ ჯაშუშობის საქმეებთანაც, თუმცა არის გახმაურებული საქმეები, რომლებთანაც შეხება არ მქონია– ამის შესახებ “აიპრესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე აცხადებს.

„რაც შეეხება ფოტორეპორტიორების საქმეს, მასთან მე შეხება არ მქონია. აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში ვიმყოფებოდი სასწავლო კურსებზე აშშ-ში, საიდანაც დავბრუნდი 2011 წლის 4 აგვისტოს. ამ დროს საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი უკვე დასრულებული იყო. აქედან გამომდინარე, მე ფიზიკურად ვერ შევძლებდი ფოტოგრაფების საქმის გამოძიებას, როგორც ეს ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით. რაც შეეხება ვახტანგ მაისაიას, პირადად მქონდა შეხება მასთან და ვმონაწილეობდი როგორც მისი, ასევე საქმეში გამავალი სხვა პირების დაკითხვაში. ვინაიდან, დღეისთვის, ხსენებულ საქმეს ადევს გრიფი “საიდუმლო”, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ პასუხს ვაგებ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე, რაც ჩემს მიერ ამ პიროვნების მიმართ გატარდა. საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა მყარი ერთობლიობა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებები – ჯაშუშური შეტყობინებების მთელი დასტა, დაშიფრული კავშირის საშუალებები, თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მაისაია და სასჯელი მიუსაჯა“,– აცხადებს ვალერი ზუმბაძე.

ყოფილი მაღალჩინოსანი მაისაიას ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ მას სურს თავის “გათეთრება”.

„მაისაია თხზავს ათასგვარ სისულელეს, რათა საკუთარი დანაშაული გადააბრალოს სხვა ადამიანებს. შესაძლებელია, ეს მისი “მეგობრების” დავალებითაც ხდებოდეს, რათა მაისაიამ შეძლოს რეაბილიტაცია საზოგადოების თვალში, საინტერესო პოზიციების შექმნა და “მეგობრებთან” ძველებური თანამშრომლობის გაგრძელება. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა განხორციელებული არანაირი ზემოქმედება, პირიქით, უნდა აღინიშნოს, რომ ის აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მაშინაც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით. რაც შეეხება მაისაიას, როგორც პიროვნებას, ის არის ჩვეულებრივი ნაძირალა, სამშობლოს გამყიდველი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი ჩვენი ბიჭების სისხლზე 2008 წლის ომში, როცა ის აქტიურად გადასცემდა ინფორმაციას საკუთარ “მეგობრებს” საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. მე მომხრე ვარ, სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფი და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ყველა დეტალი. გარდა ამისა, მე გამაჩნია სხვა მტკიცებულებებიც, რომლებსაც სასამართლოში მის წინააღმდეგ გამოვიყენებ“,– აცხადებს ზუმბაძე.

მისივე განმარტებით მაისაიას ბრალდება თითქოს ზუმბაძე თეთრაძის მკვლელობაში მონაწილეობდა სრული სისულელეა, ვინაიდან ამ საქმეს იძიებდა სამხედრო პოლიცია.
ვალერი ზუმბაძე ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის გამოთქმულ ბრალდებებზეც საუბრობს და ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ურჩევს საკითხში კარგად გაერკვეს.

„სოსო ცისკარიშვილი, ჩემი შეფასებით, არის იაფფასიანი მატყუარა, ხოლო მისი ბრალდებები აბსურდულია. მას ვურჩევდი, სანამ რაიმე ახალ ტყუილს მოიგონებს, კარგად გაერკვეს საკითხში, რათა მისი სიცრუე ასე ადვილად მისახვედრი არ გახდეს. რაც შეეხება მის ბოდვას, ლაფანყურის ინციდენტის დროს ვმუშაობდი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში. ზოგადად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ტერორიზმის მიმართულებით არ ეწევა საქმიანობას და მითუმეტეს, გამომძიებელს არანაირი შეხება არ შეიძლება ჰქონდეს საკითხებთან, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ხდება. სისულელეა, რომ თითქოს ბოევიკები მე შემოვიყვანე, ხოლო შემდეგ გავატარე.
ლაფანყურის ინციდენტზე საქმე აღიძრა 2012 წლის 28 აგვისტოს კახეთის შს მთავარ სამმართველოში, შემდეგ საქმე წარმოებაში იყო სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოში, კერძოდ, კახეთის საოლქო პროკურატურაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, გენერალურ პროკურატურაში. კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმე წარმოებაში გადმოეცა 2012 წლის დეკემბერში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. საქმე ფაქტობრივად იყო განადგურებული – მტკიცებულებები გამქრალი, უფრო მეტიც, საქმეში არ იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც არის ძირითადი საწყისი ეფექტური და სწორხაზოვანი გამოძიებისთვის.
მას შემდეგ, რაც საქმე გადაეცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, გამოძიება წარიმართა აქტიურ რეჟიმში. ამჟამად, საქმე თითქმის გახსნილია.
შესაბამისად, თუ ვინ შემოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები საქართველოში, ვინ დააბინავა და ვინ გაიყვანა, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედია, ახლო მომავალში დასრულდება“,– აცხადებს ვალერი ზუმბაძე და დასძენს, რომ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ შეიტანს იგი სარჩელს, საზოგადოება ამას შეიტყობს.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 15:13