ლევან სამხარაულმა თქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის ჩატარებამდე ყველაფერი იცოდა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, იმყოფებოდა ლევან სამხარაულის კაბინეტში, ამ დროს ტელევიზიით ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, ვანო მერაბიშვილის მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა, თუ საიდან იცოდა მან დილით, ექსპერტიზის ჩატარებამდე, რომ რაულ უსუპოვი და ჟვანია CO-თი გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ, როგორც ჩაჩუა ამბობს, სამხარაულმა მას უთხრა, რომ დილის 7 საათზე ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი იცოდა.
აღნიშნული განცხადების შეფასებისგან ბრალდებულმა ექსპერტმა თავი შეიკავა. მისმა ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ კი, მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ დასკვნები აღნიშნული განცხადების შემდეგ თავად გააკეთონ.
ლევან სამხარაული აღნიშნულ პერიოდში ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვნელი იყო. იგი კახეთში მოკლეს.