ლევან იზორია: მთელი ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ კონკრეტული ბრალდებული პირი გამოვლენილიყო

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 14:41

ლევან იზორია:  მთელი ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ კონკრეტული ბრალდებული პირი გამოვლენილიყო

იური ვაზაგაშვილის საქმეზე პოლიციელის ბრალეულობა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იქნა გამოვლენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ საქმის გახსნა სწორედ პროკურატურისა და შსს-ს კომპლექსური მუშაობის შედეგად მოხერხდა.

“მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური საქმიანობა განახორციელა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა მასთან. მთელი რიგი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები სწორედ შსს-ის მიერ იქნა განხორციელებული. ბუნებრივია, ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი. ეს იყო ბატონი მინისტრის კოორდინირებული მუშაობის შედეგიც, ერთგვარი გამოწვევა მისთვის და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მთელი ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ კონკრეტული ბრალდებული პირი გამოვლენილიყო. ეს მოხდა კომპლექსური ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად. ის ფაქტი, რომ მოქმედი პოლიციელი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად იქნა გამოვლენილი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ აქ ვართ ძალიან პრინციპულები, მიუკერძოებლები”, – განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება ‘”სხვა გვარებს”, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში არასამთავრობო სექტორის მხრიდან სახელდება, შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვარაუდებზე ქმედებებს ვერ განახორციელებენ.

“თუ გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა ცალკეული პიროვნების, განურჩევლად იმისა, რომელი სისტემის წარმომადგენელია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი მის მიმართ”, – აღნიშნა იზორიამ.

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 14:41