კონსტანტინე გამსახურდია: თუკი საჭირო გახდება, ზვიად გამსახურდიას ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხი განიხილება

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 16:49

კონსტანტინე გამსახურდია: თუკი საჭირო გახდება, ზვიად გამსახურდიას ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხი განიხილება

თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომელიც ძმასთან გიორგი გამსახურდიასთან ერთად მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ნაწილის უფროსთან მამუკა ვასაძესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში განიხილება ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხიც.
“პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შექმნილია ახალი საგამოძიებო ჯგუფი მას შემდეგ, რაც რეზო ზარანდია აღარ არის პასუხისმგებელი ამ საქმეზე. ისევე როგორც თავის დროზე ჩვენმა კომისიამ, მათაც აღნიშნეს, რომ 1994 წლიდან ჩატარებული გამოძიება სრულიად არადამაკმაყოფილებელია. უკვე განხორციელებულია პირველი ექსპერტიზები ამოღებულ ნივთებზე, ასევე დათვალიერებულია ლუდმილა და კარლო ღურწკაიების სახლი სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ასევე ჩატარებულია კრიმინალისტიკური მოკვლევა. დადგენილია მოწმეების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიკითხონ, მომზადებულია იურიდიული საფუძვლები ბესარიონ გუგუშვილის დასაკითხად ფინეთში, რაც უნდა განხორციელდეს იმ სამართლებრივი პრაქტიკიდან, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის უმტკივნეულოდ დაარეგულიროს ეს საკითხი. ასევე განიხილება, თუკი ეს საჭირო გახდება, ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხიც.
პროკურატურის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქმე ფაქტობრივად დაშლილი დახვდათ. მასში ჩაკერებულია მაგალითად, მოკვლევა აფხაზეთის ომის დაწყების თემაზე, ასევე მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტების საკითხი თბილისში 1992 წელს. ჩვენს მიერ 2011 წლის თებერვალში გაგზავნილი მასალებიდან მხოლოდ ერთი ნაწილია თავის ადგილზე. თუ რატომ მოხდა ასე, პროკურატურის წარმომადგენლებს ამაზე პასუხი ჯერ არა აქვთ.
ვისაუბრეთ რამოდენიმე ადამიანზეც, ვისაც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ინფორმაციები უნდა ჰქონდეთ ჯიხაშკარი-ხიბულა-ჯაღრას ტრაგედიაზე. გასაგებ მიზეზთა გამო ჩვენი კომისიის მხრიდან კონტაქტი ამ ადამიანებთან ვერ მოხერხდა 2010-2011 წლებში.”
კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრას იმედისმომცემს უწოდებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფორმებზეც მოხდა შეთანხმება.
“ამ შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმაზეც. შეხვედრა იმედისმომცემი იყო. როგორც მამუკა ვასაძემ აღნიშნა, დიდია პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, ამდენად, ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ სიტყვებს კონკრეტული საქმეები მოყვება და ბოლოსდაბოლოს, ნათელი მოეფინება ამ საქმეს”, – ნათქვამია კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 16:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics