კაგებეს კვალი ანატოლი სობჩაკის სიკვდილში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 22, 2015 12:01

კაგებეს კვალი ანატოლი სობჩაკის სიკვდილში

მნიშვნელოვანი

  • მათ იცოდნენ თუ რამხელა გავლენა ექნებოდა რუსეთის ახალ ხელმძღვანელობაზე ანატოლის... რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში,  არმიაში ანატოლი თბილისის ტრაგედიის შემდეგ არ უყვარდათ, რადგან მან იმ კომისიაში დაამტკიცა, რომ არმიამ მომწამლავი გაზი გამოიყენა და ნიჩბებით დახოცა ქართველები... ამიტომ მასზე მუდმივად არაპატრიოტიაო გაიძახოდნენ, ამბობდნენ  არმიას ტალახს ესვრისო... მაშინ ანატოლიმ თქვა ერთი გენიალური ფრაზა, რომელიც დღესაც აქტუალურია ,,ჭეშმარიტებას ეროვნება არა აქვს!,,  ,,

სხვა სტატიები

66f1dbe474f7გორბაჩოვის დროინდელი საბჭოთა ხელისუფლებისა და ელცინის დროინდელი რუსეთის ერთერთი ლიდერი  ანატოლი სობჩაკი, რომლის ძეგლიც თბილისში, ქაშუეთის  ეკლესიის უკან,  9 აპრილის ბაღში დგას, 15 წლის წინ 2000 წლის 19 თებერვალს კალინინგრადის ოლქში, ქალაქ სვეტლოგორსკის სასტუმრო ,,რუს,,ში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალური ვერსიად ხელისუფლების მიერ,  გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

ქართველთათვის ეს ადამიანი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი  ტრაგიკული მოვლენების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელად იყო დანიშნული. ანატოლი სობჩაკმა, იმ დროისათვის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რათა სიმართლე 9 აპრილს საბჭოთა ჯარების უკანონო მოქმედებებზე არ დამალულიყო, რამაც იმ დროინდელი საბჭოეთის ცნობილ პოლიტიკოსს, ლიბერალურად მოაზროვნე დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი შეუმნა. ანატოლი სობჩაკს, 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიებაში გამოჩენილი კეთილსინდისიერების გამო  ქალქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც ჰქონდა მინიჭებული.  სობჩაკმა 9 აპრილის თემის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო აზრითა და მოქმედებით დაამახსოვრა თავი იმდროინდელ საზოგადოებას… სობჩაკი იყო ერთადერთი ადამიანი იმდროინდელის რუსი პოლიტიკური ლიდერებიდან, რომელიც სტალინის რეჟიმისა და კომუნისტური პარტიის გასამართლების იდეით გამოდიოდა.  ბოლოს კი მისი სახელი ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის ხელისუფლებაში მოსვლასაც დაუკავშირდა, რადგან ორივე მათგანმა თავიანთ პოლიტიკურ კარიერა სობჩაკთან  სამსახურში დაიწყეს და მისი წყალობით გახდნენ რუსეთის ლიდერები.

60-2ანატოლი სობჩაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ლენინგრადის (დღევანდელი სანკტპეტერბურგი) პირველი პირი იყო და პუტინის აღზევებაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში სწორედ ლენინგრადიდან, სობჩაკის გუნდიდან მოხდა, სადაც ის 1990 წელს მივიდა, როგორც ნაკლებადცნობილი გადამდგარი კაგებეს პოლკოვნიკი, რომელიც ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 1996 წელს ლენინგრადის ოლქში გუბერნატორობისათვის  გამართულ არჩევნებში, ვლადიმერ პუტინი ანატოლი სობჩაკის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო… ხოლო უფრო ადრე, 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად არჩევის დროს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერი დიმიტრი მედვედევი, სობჩაკის საარჩევნო შტაბის იმ დონის აქტივისტი იყო, რომ არჩევნების დროს კედლებზე მის საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. 2000 წლის 14 თებერვალს, სიკვდილამდე 5 დღით ადრე, თავად ანატოლი სობჩაკი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია თუ რა დონის ფიგურა იყო ანატოლი სობჩაკი, უკვე პოსტსაბჭოთა ახალი რუსეთისთვის… რამხელა გავლენა უნდა ჰქონოდა მას პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენი რამ იცოდა რუსეთის დღეევანდელ ხელმძღვანელობაზე.

A16C5092-7581-4915-83D1-6604C453D519_w640_sპოლიტიკური მოღვაწეობის გარდა, ანატოლი სობჩაკი პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ის იყო რამდენიმე წიგნის ავტორი… მისი ერთერთი წიგნი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნება, ხოლო მისი ბოლო წიგნი ,,სტალინი – პირადი საქმე,, ანატოლი სობჩაკმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. ამ წიგნის გამოცემა მხოლოდ ახლახან, სობჩაკის გარდაცვალებიდან 15 წლის თავზე მოახერხა მისმა ქვრივმა ლუდმილა ნარუსოვამ. წიგნის წინასიტყვაობად, ანატოლი სობჩაკის ქალიშვილის, ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის,  მამისადმი მიძღვნილი წერილი უდევს. წიგნის გამოცემასთან და სობჩაკის გარდაცვალების 15 წლისთავთან დაკავშირებით სობჩაკის ქვრივთან ინტერვიუ ,,რადიო თავისუფლების,, რუსულმა ბიურომ, ჟურნალისტმა ვიქტორ რაზუნკოვმა ჩაწერა, სადაც ქალბატონმა ნარუსოვამ სენსაციური განცხადებები გააკეთა.

სობჩაკის ქვრივი ინტერვიუში აცხადებს რომ ეს ბოლო თხუთმეტი წელიწადი, მისი ოჯახი გარკვეული ძალების მხრიდან ცილისწამებასა და ზეწოლას განიცდიდა… ლუდმილა ნარუსოვა აცხადებს, რომ არ მოსწონს თუ როგორ მიექანება რუსეთი უკან ტოტალიტარიზმისაკენ და როგორ მიდის ამ საზოგადოებაში პატრიოტიზმის საფარქვეშ ,,რკინის ფარდის,, ჩამოშვება… ,,გარდა იმისა, რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, მე სხვა ბედი არ მიწერია… მაგრამ მე არ მიდა ტოტალიტარიზმის ქვეყანაში ცხოვრება… არ მინდა დავბრუნდე იმ წლებში, რომელშიც  ჩემს მშობლებს ეშინოდათ,, აცხადებს სობჩაკის ქვრივი.

როგორც ცნობილია სობჩაკის ქვრივმა მეუღლის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში შემდეგი განცხადება გააკეთა ,,ჯერ არ დამდგარა დრო სიმართლე ითქვას სობჩაკის სიკვდილზე,, ვიქტორ რაზუნკოვმა ინტერვიუში სწორედ ეს სიტყვები შეახსენა მას, რაზეც ლუდმილა ნარუსოვამ უპასუხა: ,,არა… ჯერაც არ დამდგარა დრო, რომ ეს სიმართლე ითქვას, მაგრამ ეს სიმართლე არის და მე ის საიმედო ადგილას მაქვს დაცული,,

e097a63fc24d20a82abb9fe46d1e485a,, მე ვიცი რომ ჩემი მეუღლის გარდაცვალების მომენტში მასთან ორი ბიზნესმენი იყო და ორივე კაგებეს თანამშრომელი… შაბტაი კალმანოვიჩი და ანდრეი ბურლაკოვი. ერთი მათგანი თავის დროზე ისრაელში იყო კაგებეს რეზიდენტი და მეორე იაპონიაში. ისინი ორივე პროფესიონალი მკვლელების მიერ იქნენ მოკლული, კალმანოვიჩი 2009 წელს და  ბურლაკოვი – 2011 წელს. ეს ფაქტები მიუთითებს თუ არა სობჩაკის მკვლელობაში კაგებეს მონაწილეობაზე… უნდა გამოიძიოს, მაგრამ ამის გამომძიებელი არავინაა… და თუ ვინმე ჟურნალისტი დააპირებს ამის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დონე საკმარისი არაა მსგავსი საქმის გამოსაძიებლად, ამ ჟურნალისტსაც კალმანოვიჩ-ბურლაკოვს მიაყოლებენ უკან… ამიტომ ჟურნალისტებსაც არ ვურჩევ ამით დაინტერესებას,, აცხადებს სობჩაკის ქვრივი.

v4ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ანატოლი სობჩაკი და რას აკეთებდა ბოლო პერიოდში ისეთს, რომ ის საშისი ყოფილიყო ვინმესთვის, ლუდმილა ნარუსოვა აცხადებს: ,,ჩემი მეუღლე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა და მიაჩნდა რომ სამართალდამცავები ორგანოების რეფორმა უნდა მომხდარიყო… ანატოლი ფიქრობდა, რომ ძალოვან სტრუქტურებს ზომაზე მეტად აძლევდნენ თავისუფლებას…   მან ასეთი სტატიაც კი დაწერა ,,სამართალდამცავი ორგანოები სამართალდამკრძალავ ორგანოებად გადაიქცნენო,,    ეს ბოლო წვეთი იყო იმ ხალხისთვის ვისაც სძულდა ის… მათ იცოდნენ თუ რამხელა გავლენა ექნებოდა რუსეთის ახალ ხელმძღვანელობაზე ანატოლის… რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში,  არმიაში ანატოლი თბილისის ტრაგედიის შემდეგ არ უყვარდათ, რადგან მან იმ კომისიაში დაამტკიცა, რომ არმიამ მომწამლავი გაზი გამოიყენა და ნიჩბებით დახოცა ქართველები… ამიტომ მასზე მუდმივად არაპატრიოტიაო გაიძახოდნენ, ამბობდნენ  არმიას ტალახს ესვრისო… მაშინ ანატოლიმ თქვა ერთი გენიალური ფრაზა, რომელიც დღესაც აქტუალურია ,,ჭეშმარიტებას ეროვნება არა აქვს!,,  ,,

მასალა მოამზადა კახაბერ ადამიამ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 22, 2015 12:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics