იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2015 11:52

იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებასაქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მიმდინარე კვირაში პარლამენტის მიერ განხილვის მიზნით, პროკურატურის საკანონმდებლო რეფორმის საბოლოო რედაქციას აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციებს ასახავს.

საპროკურორო საბჭო 9-ის ნაცვლად შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრს აირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. 8 წევრიდან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.

წინა კვირაში იუსტიციის მინისტრის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომ საბჭოში ომბუდსმენი ყოფილიყო წარმოდგენილი, არ იქნა გაზიარებული თავად სახალხო დამცველის მიერ და ეს ადგილი მოსამართლემ დაიკავა.

იუსტიციის მინისტრი საბჭოს ერთის ნაცვლად სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. სამი კანდიდატის შესახებ წარდგინება უნდა იყოს დასაბუთებული და მათი შერჩევის მიზნით გაიმართება კონსულტაციები სამართლის სფეროს სპეციალისტებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს, შესაბამისი დაკვნის საფუძველზე, გადაწყვეტს თავად საბჭო.

საბჭოს წინაშე საგანგებო პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხის დაყენება, საბჭოს უმრავლესობის ნაცვლად, შეეძლება საბჭოს ერთ წევრსაც. საგანგებო პროკურორობის კანდიდატის კრიტერიუმებიდან, ვენეციის კომისიის შემოთავაზების შესაბამისად, გაუქმდა გამომძიებლად მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმი, რაც ცალკე აღებული საკმარისი აღარ იქნება.

საპროკურორო საბჭოს წინადადება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აღარ წარედგინება მთავრობას და გადაიგზავნება პირდაპირ პარლამენტში. ამით გამარტივდება თანამდებობიდან მოხსნის პროცედურა, როგორც ეს არის დასკვნაში შემოთავაზებული.

ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოსგან დასკვნის უმოკლეს ვადაში მომზადება იუსტიციის სამინისტრომ ივნისის თვეში თავად მოითხოვა. მიღებული დასკვნის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროკურატურის საკანონმდებლო რეფორმა სწორი გზით მიდის და ის უნდა გაგრძელდეს. საქართველოში საპროკურორო საბჭოს შექმნის იდეა თანამედროვე ეფექტიანი მექანიზმის შემოღების იდეად, ხოლო, საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის შექმნა უაღრესად დადებით მოვლენად არის შეფასებული. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო პლურალისტურ ორგანოდ გვევლინება და ის ასეთად უნდა შენარჩუნდეს. დასკვნის თანახმად, ისიც მისაღები იქნება, თუკი საბჭოში თავად პროკურორებს ექნებათ “მსუბუქი” უმრავლესობა, მთავარია დაცულ იქნეს გენდერული ბალანსი და წარმომადგენლობითობის პრინციპი. მთავარი პროკურორის ექვსი წლით არჩევა მანდატის განახლების შესაძლებლობის გარეშე ასევე დადებითად არის შეფასებული.

ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების უმრავლესობა გაზიარებულ იქნა და კანონპროექტის საბოლოო რედაქცია პარლამენტში დღეს გადაიგზავნა. კანონის ძალაში შესვლისთანავე დაიწყება პროცედურები პროკურორთა კონფერენციის მოსაწვევად, საპროკურორო საბჭოს შესადგენად და ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორის დასამტკიცებლად.

პროკურატურის შესახებ კანონში ცვილებები შეგიძლიათ იხილოთ იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე.
http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=4909

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2015 11:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics