იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ორი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცა

news
ავტ.: news აპრილი 6, 2015 14:47

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ორი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.  იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.

“გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ცალკეული ნოტარიუსების მხრიდან (ნ.გ., ლ.ბ.) ადგილი ჰქონდა სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ნოტარიუსები რეგისტრაციების დაჩქარებული წესით განხორციელების სანაცვლოდ, დაინტერესებული მოქალაქეებისგან მომსახურების გაწევისათვის 200 ლარს იღებდნენ, ოფიციალურად 50 ლარს აფიქსირებდნენ, ხოლო თანხებს შორის სხვაობას − 150 ლარს ითვისებდნენ.
გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი ნოტარიუსი. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მოჰყვება ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის საზიანოდ სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ მომავალშიც მკაცრი რეაგირება”,– განმარტავენ სამინისტროში.

news
ავტ.: news აპრილი 6, 2015 14:47