ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა?

news
: news იანვარი 21, 2015 16:15

ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა?

გაზეთი „ქრონიკა +“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება “აჭარაბეთს” და ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელთანაც არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი.

„თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა.

აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა.

…პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, – თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო.

– რაზე მოვილაპარაკოთო? – დაუკონკრეტებია თემურ უგულავას.
– დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო.

ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, – სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ, არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, – ყ…ზე გვკიდია შენი გასაჩირებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო!

როგოც ჩანს, თემურ უგულავა იმაზე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანყარაშვილს წარმოედგინა.

მას კონკრეტიკა მოუთხოვია, – შენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, თანამდებობით გარანტიების მოცემა არ შეგიძლია, დარიცხული ჯარიმის ნახევარი რომ გადავიხადო, ისიც არაოფიციალურად, რა გარანტია მაქვს, რომ ფინანსურ პოლიციაში პრობლემები მომიგვარდება და თანხა აღარ დამერიცხებაო?

პრემიერის ცოლის ნათესავებმა აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა – “ქრონიკა+”-ის წყაროს ინფორმაციით, მათ თემურ უგულავას უთხრეს, – ხომ არ დაგავიწყდა, ვისი ნათესავები ვართ, გარანტი სწორედ პრემიერ-მინისტრია, რომელიც საქმის კურსშია და რა პირობასაც გეუბნებით, ის პირობა აუცილებლად შესრულებული იქნებაო.

… იგივე ინფორმაცია ყოფილი პრემიერისთვის ჭუტა წერეთელსაც დაუდასტურებია.

იმის მიუხედავად, რომ თემურ უგულავა სააკაშვილის ბიზენსმენთა და დამფინანსებელთა სიაშია, ბიძინა ივანიშვილი მისი გაწეწვის ამ ფორმას წყობიდან გამოუყვანია. იმავე წამს შუშის სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი დაუბარებია.

„უმადურობასაც აქვს საზღვარი, ირაკლი, ეს ლაწირაკი, რომელიც დეპუტატი არაფრისგან გავხადეთ, რას ბედავს შენი სახელითო?! – უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

მოქმედი პრემიერი ყოფილს ფეხებში ჩავარდნია, – იქნებ, ეს ამბავი არ გახმაურდეს და ამის შემდეგ ჩემი ცოლის ნათესავებს პირადად მივხედავო.

ირაკლი ღარიბაშვილი დიდხანს უმტკიცებდა ბიძინა ივანიშვილს, ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ქმედებების შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ივანიშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ღარიბაშვილის ეს ფიცი-მტკიცი დაეჯერებინაო”, – წერს „ქრონიკა+“ სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით.

news
: news იანვარი 21, 2015 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics