ირაკლი ღარიბაშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც წინა ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 15:15

ირაკლი ღარიბაშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც წინა ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც იყო ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის აღფრთოვანებულია იმ ხარისხით, რომელიც ამ კლინიკაშია წარმოდგენილი.

“როგორც ვხედავთ, ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა. 2006 წელს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს სამედიცინო უნივერსიტეტს, ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს კლინიკა არის ერთობლივი პროექტი როგორც განათლების სამინისტროსი, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის.

“ეს პროექტი უკვე დაჯდა 20 მილიონი. საბოლოო ჯამში დაჯდება 25 მილიონი. 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან უკვე გამოვყავით. აქ დასაქმდება 600 ადამიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილება. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოემსახურება დაახლოებით 6 000 ქართველ სტუდენტს და 2 000 უცხოელ სტუდენტს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამ პროექტის ავტორებს, უნივერსიტეტის რექტორს, განათლების და ჯანდაცვის მინისტრებს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა მიიღონ კვალიფიციური პერსონალი, ექიმები.

“რაც მთავარია, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტების განვითარებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერის გარდა ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და სხვები.

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 15:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics